კლუბ-რესტორანი

კლუბ-რესტორანი "ლა ტრუფე" ამ დროისთვის დაკეტილია

კლუბ-რესტორანი "ლა-ტრუფე", სადაც წუხელ ინციდენტი მოხდა, ამ დროისთვის დაკეტილია.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, იქ მხოლოდ ერთი მენეჯერი იმყოფება, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბარში ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა. მენეჯერი აცხადებს, რომ ის წუხელ არ მუშაობდა და დღეს დილით მივიდა. ის ასევე არ აკონკრეტებს, როდის გაიღება კლუბი. მისივე ინფორმაციით, კლუბს მუდმივი დაცვა არ ჰყავს და საჭიროების შემთხვევაში იძახებენ.

"ლა ტრუფე"-ს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა კი აცხადებს, რომ წუხელ, გვიანობამდე ისმოდა ჩხუბის და გინების ხმა. მათივე თქმით, ადგილზე მისული იყო 20 საპატრულო ეკიპაჟი. ადგილობრივებისვე ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი, რომელთაც სამართალდამცავების ფორმა არ ეცვათ, ყვიროდნენ, რომ პოლიციის თანამშრომლები იყვნენ და მათ მეგრული აქცენტი ჰქონდათ.

მოსახლეობა ამბობს, რომ პრეზიდენტი წუხელ პირადად არ დაუნახავთ, თუმცა აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილი აღნიშნულ კლუბში ძალიან ხშირად დადის.