ეკა ბესელიას შეფასებით, კარგი იქნებოდა თუ კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ქალი იქნებოდა

ეკა ბესელიას შეფასებით, კარგი იქნებოდა თუ კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ქალი იქნებოდა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ეკა ბესელიას აზრით, კარგი იქნებოდა თუკი კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ქალი იქნებოდა. ამის შესახებ ეკა ბესელიამ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტების შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა. 

რაც შეეხება იმას, თუ როგორი უნდა იყოს საპრეზიდენტო კანდიდატი, ბესელიას განმარტებით, მას უნდა ჰქონდეს გამოცდილება, იყოს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და გააჩნდეს ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან კომუნიკაციის უნარი.

"პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა იყოს გამოცდილი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, გააჩნდეს ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან კომუნიკაციის უნარი და უნდა შეეძლოს მოირგოს ის როლი და ფუნქცია, რომელიც ამოქმედდება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ანუ გვჭირდება იმ ფორმატის პრეზიდენტი, რომელიც მოუხდება და მოერგება საქართველოს რომელიც რთულ და საპასუხიმგებლო ეტაპზეა. ასევე ის კომბინირებულად უნდა იყოს იმ თვისების მატარებელი, როგორსაც საზოგადოების უმრავლესობა ელოდება", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

რაც შეეხება უშუალოდ პარტიის პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომას, ბესელიას განმარტებით, დღის წესრიგით შიდაპარტიული საორგანიზაციო საკითხები, შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებული ანალიზი და პარტიის საქმიანობის სამომავლო გეგმებზე მსჯელობაა გათვალისწინებული.

"შეიძლება ვისაუბროთ ისეთ საკითხებზე, რომელიც დღის წესრიგში არ შედის, ასე, რომ ნებისმიერ თემაზე შეიძლება გვქონდეს საუბარი", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.