დუისში ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული სამი ჩეჩენის ცხედრის ექსჰუმაცია დასრულდა

დუისში ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული სამი ჩეჩენის ცხედრის ექსჰუმაცია დასრულდა

პანკისის ხეობის სოფელ დუისში ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული სამი ჩეჩენის ცხედრის ექსჰუმაცია მოხდა. გამომძიებლებმა დუისის სასაფლაოდან ექსპერტიზისთვის დაღუპულების - ასლან მარგოშვილის, სალამ ზაურბეკოვის და ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის ცხედრები ამოიღეს. სპეცოპერაციის დროს დაღუპული სხვა პირების ცხედრებს, საგამოძიებო ჯგუფი მომდევნო დღეებში ამოიღებს. 

დუისის სასაფლაოზე გვამების ექსჰუმაციის დროს, სოფლის მოსახლეობა იყო შეკრებილი.

როგორც ადგილზე მყოფმა, ასლან მარგოშვილის მამიდამ განაცხადა, ცხედრებს მაშინდელი ხელისუფლების პირობებში ექსპერტიზა არ ჩატარებიათ და დღეს საგამოძიებო მოქმედებები სწორედ გარდაცვლილების ოჯახის წევრების მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო.

მისი თქმით, ოჯახის წევრებმა სახალხო დამცველსაც მიმართეს, რომ დამოუკიდებელი ექსპერტიზა დაიწყოს.

დუისის სასაფლაოზე დაღუპულ სალამ ზაურბეკოვის დედა შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.