ეკა გიგაური:    პარლამენტი ძლიერია და ის ნამდვილად აკონტროლებს აღმასრულებელ ხელისუფლებას

ეკა გიგაური: პარლამენტი ძლიერია და ის ნამდვილად აკონტროლებს აღმასრულებელ ხელისუფლებას

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ხელმძღვანელ ეკა გიგაურის შეფასებით, ქვეყანაში დაბალანსების სისტემა ნამდვილად არსებობს. ეს პოზიცია გიგაურმა დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში ჟოაო სუარესთან შეხვედრისას დააფიქსირა. 

"პარლამენტი ნამდვილად არის ძლიერი და ის ნამდვილად აკონტროლებს აღმასრულებელ ხელისუფლებას. ეს არის პოზიტიური ნაბიჯი დემოკრატიის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი", - განუცხადა შეხვედრის შემდეგ გიგაურმა ჟურნალისტებს.

რაც შეეხება პრობლემატურ საკითხებს, ყურადღება პირადი ინფორმაციის დაცვის პრობლემატიკაზე გამახვილდა.

"ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა დააფიქსირონ აღნიშნულ საკითხზე საკუთარი პოზიცია. კერძოდ, დააფიქსირონ პოზიცია ამ მიმართულებით გამოძიების ჩატარების საჭიროებაზე და ასეთი ტიპის მასალების განადგურებაზე", - განაცხადა ეკა გიგაურმა.

მისივე ცნობით, ეუთოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრისას არასამთავრობო სექტორის მხრიდან ყურადღება გამახვილდა სასამართლო ხელისუფლების რეფორმირების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, მედიაგარემოზე და ამ თვალსაზარისით კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, ასევე საუბარი შეეხო საარჩევნო რეფორმის საკითხს.