ბიძინა ივანიშვილი:  რეგიონებში ქარხნების მშენებლობის პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს

ბიძინა ივანიშვილი: რეგიონებში ქარხნების მშენებლობის პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რეგიონებში ქარხნების მშენებლობის პროცესს გამოეხმაურა. როგორც "გურიანიუსთან" საუბრისას პრემიერმა აღნიშნა, პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს. მისი თქმით, ჰქონდა გეგმა საქართველოს მასშტაბით 60 ქარხანა, რეგიონში თითო ქარხანა აშენებულიყო, რაც პრემიერის აზრით, მოხერხდება.

"შეიძლება ასიც გამოვიდეს, თუმცა ძალიან მდორედ განვითარდა პროცესები, შეიძლება ამაში ობიექტური მიზეზი უფრო მეტი იყოს, ვიდრე სუბიექტური. ახლა ანალიზი ცოტა რთულია. მართალი გითხრათ, მე ერთი თვეა ცოტა ვპასიურობ, რამეთუ გამოძიება მიმდინარეობდა, ხასიათი ცოტა გამიფუჭდა, თვითონ გუნდმაც იცოდა, რომ გამოძიება მიმდინარეობდა და ცდილობდა ამაზე გადაეტანა ყურადღება და მარწმუნებდნენ, რომ უნდა შემეჩერებინა, მე რა თქმა უნდა, არ ჩავერიე გამოძიებაში და არც ჩავერეოდი, ცოტა დამძიმებული ვარ, მართალი გითხრათ", - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისი თქმით, პროცესის შეჩერების სურვილი თავად მინისტრს ჰქონდა და ამბობდა, რომ პროცესებში ხელი შეეშლებოდა. "მე ვუთხარი, რომ ეს პროცესი ნორმალურია. თუ გამოძიების მხრიდან კითხვები არსებობს, მას პასუხი უნდა გაეცეს. არაუშავს, ზოგადად საწყისი ასეთია. საერთო ჯამში მაინც ბევრი გაკეთდება და ბევრი უკვე გაკეთდა. ნელ-ნელა ხარვეზებსაც გამოვასწორებთ", - დასძინა ივანიშვილმა.