საქართველო-უკრაინა რეალიები (VIDEO)

საქართველო-უკრაინა რეალიები (VIDEO)

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებში დაძაბულობამ პიკს მიაღწია. გაწყდა დიპლომატიური ურთიერთობები და საბრძოლო ოპერაციებმა საერთაშორისო არენაზე გადაინაცვლა. ხოლო რიგით მეორე მეზობელი ქვეყანა რომელთანაც ამავე პერიოდში ურთიერთობები რუსეთის პოლიტიკურ ადმინისტრაციას დაეძება ეს უკრაინა იყო.

მას შემდეგ აქტუალური იყო კითხვა: რას ეფუძნებოდა საქართველოსა და უკრაინის მეგობრობა და როგორია ორი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ორიენტირები რუსეთთან ურთიერთობის ჭრილში?

პრესის საშუალებით ექსპერტთა დიდი ნაწილი აჟღერებდა საქართველოსა და უკრაინის მეგობრული ურთიერთობების მთავარ ფორმულას - „მეგობრობა რუსეთის წინააღმდეგ“. რაც ავტომატურად ბადებს კითხვას რამდენად წარმატებული და ხანგრძლივი შეიძლება იყოს მეგობრობა რომლის მთავარ მაკავშირებელს მტრობის სურვილი წარმოადგენს. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს რომ სრულებითაც არ არის გამორიცხული ექსპერთა ნაწილის მიერ დადგენილი ეს ფორმულა სრულებითაც არ იყოს ახლოს რეალობასთან.

მაგრამ საინტერესოა ის ფაქტი რომ იგივე მოსაზრება არსებობს საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრულ ურთიერთობებზეც, ანუ მეგობრობა, რომელიც გაჯერებულია რუსეთთან მტრობის სურვილით.

ე.წ. „სამხრეთ ოსეთში“ საბრძოლო ოპერაციების დაწყებისთანავე რუსეთის ხელისუფლებას გაურთულდა ურთიერთობა სახელმწიფოსთან ევრაზიაში, როგორიცაა - უკრაინა. რუსეთის ყირიმის შავი ზღვის ფლოტის მონაწილეობა ოპერაციაში „საქართველოს იძულება მშვიდობისაკენ“ გახდა ფლოტში რუსული სამხედრო გემების ბაზირების საფუძვლების გადახედვისთვის.

2008 წლის 10 აგვისტოს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, სადაც გააფრთხილა ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხელმძღვანელობა. განცხადებიდან სამი დღის შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტმა დაამტკიცა წესი შავი ზღვის ფლოტის გადაადგილების შესახებ, რომელიც უნდა შეთანხმებულიყო სამთავრობო სტრუქტურებთან. აღნიშნული განცხადება უყურადღებოდ არ დაუტოვებია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსაც, რომელმაც საპასუხო წერილი გამოაქვეყნა, სადაც მიანიშნა რომ უკრაინის ეს ქმედება, სერიოზულ ზიანს აყანებდა არსებულ ორმხრივ მოლაპარაკებებს შავი ზღვის ფლოტის პრობლემატიკის შესახებ, ხოლო უფრო ფართო ჭრილში - მთლიანად ორმხრივი მოლაპარაკებების კომპლექსურ ნაწილს უქმნიდა საფრთხეს.

რუსულ მედიაში კიდევ ერთხელ გათამაშდა ვერსია ფერადი რევოლუციების ჯაჭვის შესახებ. ხოლო კიევის ეს ქმედება ჩაითვალა როგორც პოლიტიკური ინვესტიცია ფორთოხლისფერ რევოლუციაში.

1993 წელს საქართველოსა და უკრაინას შორის გაფორმებული შეთანხმება „მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთობების შესახებ“ პოსტაბჭოთა ქვეყნებს შორის იყო პირველი დოკუმენტი, რომელიც ევრაზიულ სივრცეში გაფორმდა და მასში არც პირდაპირ და არც ირიბად მონაწილეობას არ იღებდა მოსკოვი.

მას შემდეგ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ არაერთხელ გამოხატა მზადყოფნა და სურვილი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში უკრაინელი მშვიდობისმყოფელები ჩამდგარიყვნენ. ეს თემა აქტიურად განიხილებოდა 1998 წლის გალის გამოვლენების შემდეგ. 2002 წელს კი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ აღნიშნულ საკითხზე თბილისშიც ისაუბრა. თუ რატომ არ მოხერხდა ამ ინიციატივის განხორციელება ცალკე საუბრის თემაა. უბრალოდ უნდა აღინიშნოს რომ სწორედ ამ პერიოდიდან იკვეთება კიევის ინტერესები კავკასიაში.

მართალია კიევი მთიანი ყარაბახის კონფლიქტში, სამხედრო-პოლიტიკური მიმართულებით ასეთივე აქტიური არ ყოფილა, თუმცა მუდმივად აფიქსირებდა აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას.

ჩანართის სახით: უკრაინის სახალხო ანსმბლეის ე.წ. „უნსოს“ გასამხედროებული ნაწილების მონაწილეობა ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში დიდ წილად ანტირუსული განწყობებით იყო განპირობებული. უნა-უნსოს მებრძოლები რუსეთის მიერ წახალისებულ სეპარატიზმს საქართველოშიც თავგანწირვით ებრძოდნენ.

ცნობილია ერთი საინტერესო ფაქტი. 1992-1993 წლებში ბათუმის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ თვითმფრინავს, რომლითაც უკრაინელი მეომრები მოფრინავდნენ დაშვების უფლება არ მისცა, რის შემდეგაც თვითმფინავმა დაშვების უფლება ჩრდილოკავკასიის ერთ-ერთ რესპუბლიკის აეროპორტისგან მიიღო. ამის შემდეგ კი უნა-უნსოს მეომრები საქართველოში ჩრდილო-კავკასიიდან ფეხით გადმოვიდნენ და საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთვნენ. 14 მათგანი ვახტანგ გორგასლის ორდენითაა დაჯილდოებული, აქედან შვიდი სიკვდილის შემდეგ.

რა განაპირობებდა ამ პერიოდში უკრაინის ინტერესს კავკასიაში და სიმპატიებს საქართველოსადმი? სიმპატიებს ჩვენი ქვეყნის მიმართ სავარაუდოდ იმ პერიოდის უკრაინაში ერთდროულად ანტირუსული და ასევე მზარდი პრორუსული განწყობების მოზღვავება იწვევდა. ყირიმის ნახევრაკუნძულზე 1994-1995 წლებში საარჩევნო ბლოკი სახელწოდებით „რუსეთი“ ერთ-ერთ სერიოზულ პრორუსულ ძალად ითვლებოდა, რომლის კანდიდატებიც ღიად და დაუფარავად ემიჯნებოდნენ უკრაინის საერთო საგარეო პოლიტიკურ კურსს. სეპარატისტული იდეებით გაჯერებული ეს პოლიტიკური სუბიექტი მხოლოდ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის კუჩმას პოლიტიკური ინტრიგების საშუალებით იქნა განეიტრალებული. მანამდე კი სწორედ აფხაზური და ოსური სეპარატიზმის მაგალითები აშინებდა  და აახლოებდა უკრაინას საქართველოსთან.

ძნელია იმის თქმა რომ უკრაინამ საბოლოოდ მოაგვარა ყირიმის პრობლემა. ის ფატქორები, რომ რეგიონში 58% ეთნიკური რუსი ცხოვრობს, ხოლო მოსახლეობის 97 პროცენტი რუსულად საუბრობს, მუდმივად აცოცხლებს სეპარატიზმის საფრთხეს. ბოლო პერიოდში წამოჭრილი ისეთი ახალი თემა, როგორიცაა უკრაინაში რუსული ენის მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადება კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას.

უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ოგრიზკო: „რუსული სცენარები არ იცვლება. ერთი იგევე რჩება ერთადერთი მიზნის მისაღწევად, მიზანი კი ნათელია. დაიმორჩილოს უკრაინა, ჯვარი დაასვას უკრაინის ევროპულ განვითარებას და დააბრუნოს უკან იმპერიაში. ეს არის სტრატეგია, რომლის განხორციელებასაც სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ“.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს რომ უკრაინა ჯერ კიდე კიდევ გახლეჩილი საზოგადოებაა, რომელთა წარმომადგენლები უკრაინისთვის სხვადასხვა დროს სხვადასხვა გეოპოლოტიკური პროექტების მხარდაჭერით გამოდიოდნენ და გამოდიან, სხვადასხვაგვარად აღიქვამენ მოვლენებს ევრაზიაში.

მაგალითისთვის, ე.წ. „სამხრეთ ოსეთში“ უკრაინის მოქალაქეები ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილიდან ცხინვალის აღდგენით სამუშაოებშიც კი იღებდნენ მონაწილეობას, ხოლო ნაწილი მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ალბათ არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილის პოლიტიკური იდენტობის საკითხი უკრაინის ხელისუფლებისთვის დღემდე პრობლემაა. სეპარატიზმი კი ზერელედ მიძინებული საფრთხე.

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის კუჩმას მსგავსად კიევის ინტერესები კავკასიაში ვიქტორ იუშენკომაც გააღვიძა.

2005 წლის 12 აგვისტოს საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს „თავისუფლებისა და დმოკრატიის დაცვის“ დეკლარაციას, რომელსაც „ბორჯომის დეკლარაცია“ ეწოდა. სიმბოლიზმი არც ამ ამბავს აკლდა, ის რუსეთის მეფის ნიკოლოზ მეორის მიერ აშენებულ სასახლეში ჩატარდა, სადაც საიმპერატორი გვარის წარმომადგენლები ისვენებდნენ.

მიხეილ სააკაშვილი: „ალბათ ყველაზე საშინელ სიზმრებშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ ისინი რომ ოდესმე დამოუკიდებელი საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები აქ ხელშეკრულებას გააფორმებდნენ და ისაუბრებდნენ იმაზე თუ როგორ დაიცვან თავისუფლება და დემოკრატია რეგიონში და მთლიანად მსოფლიოში, თუმცა, მაინც მოხერხდა დღეს „სუამის“ გამოცოცხლება“

„ბორჯომის დეკლარაციის“ გარდა ამ მიმართულებით კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგა: 2005 წლის ივნისის თვეში კიევში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე ლიტვის, ესტონეთის, მოლდოვეთის პრეზიდენტებთან ერთად, საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებიც იმყოფებოდნენ, სადაც განიხილებოდა უკრაინაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თემები. აღნიშნულ შეხვედრას არ დაესწრო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

2006 წელში კი ვიქტორ იუშენკო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სადაც მის კოლეგას ყარაბაღის კონფლიქტში უკრაინის როგორც შუამავლის როლი შესთავაზა. მისი წინამორბედის მსგავსად იუშენკომ კიდევ ერთხელ დაადასტურა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა და რომ საკითხის დარეგულირება აზერბაიჯანის ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარის გაყვანით უნდა დასრულებულიყო.

მაგრამ სავარაუდოდ, სამართლიანად შენიშნავდა უკრაინელი ექპერტი ვიტალი კულიკი: „დნესტრისპირეთის რეგიონისაგან განსხვაბებით კავკასიაში უკრაინას არ გააჩნია შესაბამისი რესურსები, რომ თავისი სამშვიდობო ინიციატივები ცხოვრებაში გაატაროს. მოლდოვეთის საზღვართან, ჩვენ გვაქვს ოფიციალური და არაოფიციალური მექანიზმები გავლენისთვის ტირასპოლსა და კიშინიოვზე. ეს საშუალებას გვაძლევს მივიღოთ რეზულტატები. კავკასიის შემთხვევაში უკრაინა შესაძლებელია მესამე ქვეყნის მძევალი აღმოჩნდეს.“

მიუხედავად ამისა უკრაინის გამოჩენა კავკასიის რეგიონში სულ მცირე ქმნიდა რუსული გავლენის დაბალანსების, როგორც ალტერნატივის შანსებს. ხოლო გეოპოლიტიკურ ჭრილში საქართველოსთვის, დასავლეთის მიმართულებაზე, ლოგიკურად  და ბუნებრივად წარმოადგენდა ბაქო-თბილისის თანამშრომლობის ღერძის გაგრძელებას.

განმარტება:

ჩვენი ინსტიტუტი მუშაობს მრავალ თემაზე, ხოლო წინამდებარე მასალა წარმოადგენს მცდელობას, მოვახდინოთ აღნიშნული თემების პოპულარიზაცია, რათა მივაპყროთ საზოგადოების ყურადღება და ხელი შევუწყოთ ფართო მასებში დისკუსის წახალისებას თემებზე, რომლებიც ვფიქრობთ რომ მნიშვნელოვანია და უნდა ხვდებოდეს ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამდენად, „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისმხარდაჭერით მომზადებული ეს ანალიტიკური ვიდეო სიუჟეტები არ წარმოადგენენ ინსტიტუტის საბოლოო პროდუქტს. აღნიშნულ საკითხებზე მუშაობას ინსტიტუტი კვლავ აგრძელებს.“