წულუკიანი მიიჩნევს, რომ მთავარი პროკურატურა უწყების მისამართით გავრცელებულ ბრალდებებს სერიოზულობით უნდა მოეკიდოს

წულუკიანი მიიჩნევს, რომ მთავარი პროკურატურა უწყების მისამართით გავრცელებულ ბრალდებებს სერიოზულობით უნდა მოეკიდოს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ მთავარი პროკურატურა უწყების მისამართით გავრცელებულ ბრალდებებს სერიოზულობით უნდა მოეკიდოს.

მინისტრის პოზიცია იუსტიციის სამინისტროს Facebook-ის გვერდზე გავრცელდა.

"თეა წულუკიანი ეხმაურება ბრალდებებს მთავარი პროკურატურის მიმართ და თვლის, რომ მთავარი პროკურატურა სერიოზულობით უნდა მოეკიდოს ამ ბრალდებებს, რათა წერტილი დაესვას საზოგადოებაში ბოლო დროს გაჩენილ კითხვებს. ის ამის შესახებ დღეს მთავარ პროკურორსაც ესაუბრა", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილისა და რამდენიმე პირის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-მასალა ინტერნეტით გუშინ გავრცელდა.

საქმე შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი.

ცნობისთვის, გიორგი ფარესაშვილის თქმით, გენერალური პროკურორის მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა გია ხუხაშვილმა და შს მინისტრის მოადგილემ გელა ხვედელიძემ "ის ბიზნესები ჩაიგდეს ხელში, რაც "ნაციონალურ მოძრაობას" და ვანო მერაბიშვილის კლანს ჰქონდათ".