ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა თბილისში გამართულ

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა თბილისში გამართულ "როუზ-როსის" სემინარს აფასებს

"ნატო-ს პარლამენტარები სამხრეთ კავკასიაში მტკიცე საერთაშორისო ჩართულობისკენ მოუწოდებენ", - ამ სათაურით ავრცელებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდი პრესრელიზს თბილისში გამართული "როუზ-როსის" სემინარის შესახებ. 

საერთაშორისო თანამეგობრობის გაზრდილ გრძელვადიან ვალდებულებას სამხრეთ კავკასიაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შიდა და რეგიონული პრობლემების მოგვარებაში. ისევე, როგორც დემოკრატიის სიმტკიცეს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ეს იყო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის "როუზ-როსის" 83-ე სემინარის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, - ნათქვამია პრესრელიზში.

სემინარი "სამხრეთ კავკასია: გეოპოლიტიკა, ევროინტეგრაცია და შიდა გამოწვევები" 29 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით თბილისში, საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობისა და შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა.

როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების სურვილი.

"ჩვენ ვიცით, რომ ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ალიანსი. ეს უდიდესი პოლიტიკური ალიანსი და ფასეულობებზე დამყარებული გაერთიანებაა. სწორედ ამიტომ არის ნატო ჩვენი შეგნებული არჩევანი", - ციტირებს ვებგვერდი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას.

თავის მხრივ, - ნათქვამია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში, - საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჰიუ ბეილიმ დაადასტურა ასამბლეის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისადმი. მიუხედავად ამისა, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია აშკარა სირთულეებს აწყდება. ამ წრის გარღვევისთვის, სემინარის დელეგატებმა ქართველი დელეგატების მხრიდან ასევე მოისმინეს ინოვაციური მიდგომები, მათ შორის აღინიშნა, რომ თუ საჭირო იქნება, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, შესაძლოა, ამოიღონ დებულების მე-5 მუხლიდან.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ რაც შეეხება რუსეთსა და ორ სადავო ტერიტორიას, ახალი ხელისუფლება ამ საკითხს პრაგმატულად მიუდგა – ის ორიენტირებულია თანამშრომლობის ნაკლებად სადავო სფეროებზე და შეცვალა რიტორიკა. ამასთანავე, ქართველმა პოლიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ეს ნაბიჯები ეჭვქვეშ არ აყენებენ ქვეყნის გადაწყვეტილებას ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაზე.

2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, - აღნიშნულია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრესრელიზში.

"ერთგვარი ირონიაა, რომ "ვარდების რევოლუციის" ნამდვილი წარმატება სწორედ იმით გამოჩნდა, რომ მისსავე არქიტექტორებმა (შემქმნელებმა) აღიარეს არჩევნებში მარცხი", - განაცხადა პრეზიდენტმა ბეილიმ.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მაშინ, როცა საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი კვლავაც ერთობ პოლარიზებულია და კოჰაბიტაციას აფერხებს მწვავე ურთიერთბრალდებები, არსებობს პოლიტიკური დიალოგის წარმართვისა და თანამშრომლობის გარკვეული ნიშნები, როგორიც მაგალითად, საქართველოს საგარეო პოლიტიკის რეზოლუციის ერთობლივი მიღებაა.

"ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის ინტერესები პერსონალურ და პარტიულ ინტერესებზე მაღლა დგას. ნატო-ს ზოგიერთმა პარლამენტარმა მოუწოდა ახალ მთავრობას, მემკვიდრეობით მიღებული ხარვეზების გამოსწორებასთან ერთად, დაეყრდნოს წინა მთავრობის მიღწევებს.