გავრცელებული ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეში სოსო ალავიძის გვარი ფიგურირებს

გავრცელებული ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეში სოსო ალავიძის გვარი ფიგურირებს

ერთ-ერთი მოწმის ჩვენების მიხედვით, კომისიის წევრებზე, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვაზე მონიტორინგი ევალებოდა, ზეწოლა მიმდინარეობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. ტელეკომპანიისვე ინფორმაციით, მოწმის ჩვენებით, საქმეში კონკრეტული გვარები ფიგურირებს, მათ შორის შევარდნაძის დროს თბილისის პოლიციის უფროსის, სოსო ალავიძის გვარი. მოწმის ჩვენებით, სოსო ალავიძე ამჟამად დაკავებულ ნახუცრიშვილთან და ბედიასთან ერთად ახდენდა ზეწოლას, რომ ტენდერში კომისიას მხარი დაეჭირა ერთი კონკრეტული კომპანიისთვის.

ამ ინფორმაციას პროკურატურაში ოფიციალურად არ ადასტურებენ, თუმცა, უწყებაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკითხვაზე დაბარებას არ გამორიცხავენ.
ასევე უცნობია, მოუწევს თუ არა დაკითხვაზე მისვლა სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტიდან გადამდგარ დავით კირვალიძეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსანები და ექსპერტთა ჯგუფის წევრები, სულ 10-მდე ადამიანი, სასოფლო-სამეურნეო ბარათებთან დაკაშირებით ორი დღის წინ დააკავეს.
დაკავებულებს წარედგინათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც თანხების მითვისებასა და გაფლანგვას გულისხმობს.
დაკავებულთაგან რამდენიმეს ბრალი სხვა მუხლებითაც წარედგინათ. 182-ე მუხლი მაქსიმალურ ზომად 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.