ალექსანდრე ბარამიძე:   რატომ არის გიორგი მარგველაშვილი ასეთი რადიკალური, არ ვიცი

ალექსანდრე ბარამიძე: რატომ არის გიორგი მარგველაშვილი ასეთი რადიკალური, არ ვიცი

იუსტიციის სამინისტრო ახალ შრომის კოდექსზე ვიცე-პრემიერ გიორგი მარგველაშვილის კრიტიკულ შეფასებას პასუხობს. 

მარგველაშვილის მოსაზრებას იუსტიციის მონისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე არ ეთანხმება. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ბარამიძე აცხადებს, ეს არა როზა ლუქსენბურგის საოცნებო შრომის კოდექსი, არამედ "ქართული ოცნების" ამომრჩეველთა საოცნებო შრომის კოდექსია.

"რატომ არის მარგველაშვილი ასეთი რადიკალური, არ ვიცი. მისი მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ ესაა როზა ლუქსემბურგის საოცნებო შრომის კოდექსი, ასე არ არის. სინამდვილეში ეს არის "ქართული ოცნების" ამომრჩეველთა საოცნებო კოდექსი და კოდექსი, რომელიც სრულად შეესაბამება "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიიის დროს გაცემულ დაპირებებს. ეს არის კოდექსი, რომელიც აბალანსებს უფლებებსა და მოვალეობებს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ იგი არის სრულ შესაბამისობაში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან" , – განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

შრომის ახალ კოდექსთან დაკავშირებულ საკითხზე იუსტიციის სახლში პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრა მიმდინარეობს. მას, ალექსანდრე ბარამიძის გარდა, რამდენიმე დეპუტატი, ასევე შრომის საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენელი კარი ტიპიოლა ესწრება.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ ტიპიოლამ ჟურნალისტებს განუცხადა, შრომის კოდექსის ახალი ვარიანტი მათთან კონსულტაციების შედეგად იქნა მიღებული და შეესაბამება საერთაშორისო მოთხოვნებს.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა განათლების მინისტრის, ვიცე პრემიერ გიორგი მარგველაშვილის მოსაზრება, სადაც მარგველაშვილი შრომის ახალ კოდექსს "როზა ლუქსენბურგის ოცნებას" უწოდებს.

როგორც მარგველაშვილმა "ჯიპას" სტუდენტებთან გუშინდელ შეხვედრაზე განაცხადა, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებებით "დამსაქმებელი ვეღარ გაჭაჭანდება".

"პარლამენტში ისეთი შრომის კოდექსია შესული, ვერავინ ვეღარ გაინძრევა. როზა ლუქსემბურგის ოცნების შრომის კოდექსია შესული, როზა ლუქსემბურგის ოცნებას თუ ვახდენდით არ ვიცოდი. შიგნით ისეთები წერია, საერთოდ დამსაქმებელი ვეღარ გაჭაჭანდება საქართველოში, ვერც სახელმწიფო და ვერც ბიზნესი. ეს ძალიან პრობლემურია, მითუმეტეს, ქვეყანაში, სადაც ბიზნესი უნდა განვითარდეს, სადაც ხელისუფლებამ რეფორმები უნდა გაატაროს. ამ შრომის კოდექსის შეტანა იყო აბსოლუტურად არასწორი. ამ ფონზე ესენი პოლიციას ურტყამენ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პარლამეტნმა შრომის კოდექსის ახალი პროექტი პირველი მოსმენით უკვე მიიღო.