ვახტანგ ხმალაძე:    მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, უცვლელად დარჩეს კანონის მოქმედი ნორმა და არ მოხდეს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა

ვახტანგ ხმალაძე: მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, უცვლელად დარჩეს კანონის მოქმედი ნორმა და არ მოხდეს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პარლამენტს სთავაზობს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებით "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის" მოქმედი ნორმა ძალაში დარჩეს და, შესაბამისად, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა არ მოხდეს. 

შესაბამისი განცხადება პარლამენტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ გააკეთა.

"პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები არ ცვლის მდგომარეობას, რაც სადღეისოდ არსებობს. ამდენად, კომიტეტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის გათვალისწინება. ამასთან, ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის ფართოდ შემოღებამ, რომელსაც ჯერ კიდევ არ აუდგამს ფეხი საქართველოში, შეიძლება სხვადასხვა სახის პრობლემები გამოიწვიოს, მათ შორის სასამართლო სისტემის მუშაობაში, თუკი კანონში იქნება იმპერატიული ნორმა ნაფიცი მსაჯულების გამოყენებისა. ასევე, ჩვენ გავითვალისწინეთ არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები და მოსაზრებები და მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ ამჯერად უცვლელად დარჩეს კანონის მოქმედი ნორმა და, შესაბამისად, არ მოხდეს პრეზიდენტოს ვეტოს დაძლევა. უკეთესი იქნება ძალაში დარჩეს მოქმედი ნორმა, დავაკვირდეთ პროცესს და შემდგომში მივიღოთ გადაწყვეტილება, რაც წაადგება სამართლიან სასამართლოს", - მიმართა პარლამენტს ვახტანგ ხმალაძემ.