აკაკი მინაშვილი:    ხელისუფლებამ არ შეიძლება სასამართლო გააკონტროლოს

აკაკი მინაშვილი: ხელისუფლებამ არ შეიძლება სასამართლო გააკონტროლოს

ხელისუფლებამ არ შეიძლება სასამართლო გააკონტროლოს, - აღნიშნული განცხადებით მმართველ კოალიციას უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერმა აკაკი მინაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა. 

"საერთო სასამართლოების შესახებ" საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს საკითხის განხილვისას, მინაშვილმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტში ჩადებული ნორმები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ "ცალსახაა, ადგილი აქვს სასამართლო ხელისუფლებაზე პოლიტიკური გავლენის მოხდენის მცდელობას".

მინაშვილი მიიჩნევს, რომ ახალ მთავრობას სასამართლოზე პოლიტიკური ბერკეტების მოპოვებისა და სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოყენების სურვილი და მიზანი ამოძრავებს. მისივე თქმით, პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები ვენეციის კომისიის პოზიციას ეწინააღმდეგება, რაც ზოგადად, საგარეო კუთხით ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი.

"როცა ვენეციის კომისია პარლამენტის მიერ მიღებულ საბოლოო რედაქციაზე გააკეთებს დასკვნას, დააფიქსირებს, რომ უმრავლესობამ მნიშვნელოვანი პრინციპები დაარღვია", - აცხადებს მინაშვილი.

ამასთან, როგორც დეპუტატმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, თავის დროზე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გატარებული რეფორმების შედეგად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აღარ ხელმძღვანელობს პრეზიდენტი, მასში უმრავლესობით პოლიტიკური ფიგურების ნაცვლად მოსამართლეები არიან წარმოდგენილი, ხოლო ოპოზიციას მიეცა საბჭოში სრულფასოვანი წარმომადგენლის ყოლის შესაძლებლობა. "მოსამართლეთა დანიშვნის სტაბილურობა და უწყვეტობა მათი დამოუკიდებლობის გარანტიაა", - მიმართა მინაშვილმა კოლეგებს.