დაპატიმრებულ გემზე მყოფი ათი ქართველი მეზღვაური დახმარებას ითხოვს

დაპატიმრებულ გემზე მყოფი ათი ქართველი მეზღვაური დახმარებას ითხოვს

პორტუგალიის დროშის ქვეშ მცურავ გემი  "EOS"-ზე მომუშავე ათი ქართველი მეზღვაური დახმარებას ითხოვს. ალჟირის ნავსადგურში გემი ცხრა თვის წინ დაპატიმრეს და ტვირთის გამო სასამართლო პროცესი გემთმფლობელს, დამქირავებელსა და მყიდველს შორის მიმდინარეობს.

როგორც გემზე მყოფი მეზღვაურის გელა კიზირიას ახლობელმა ერეკლე გუჯაბიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მეზღვაურებს ჯანმრთელობის პრობლემა აწუხებთ და საქართველოში დასაბრუნებლად დახმარებას ითხოვენ. მისივე თქმით, მეზღვაურებს დაცვის სამსახური გემის დატოვების უფლებას არ აძლევს.

"გემი დაპატიმრებულია ალჟირში. ქართველ მეზღვაურებს საკვები აქვთ, თუმცა რამდენიმე მათგანს ჯანმრთელობის პრობლემა აწუხებს. ასევე, რადგან საკითხის მოგვარება დროში გაიწელა ნერვიულობენ როგორც მეზღვაურები, ასევე მათი ოჯახის წევრები. დახმარებას ითხოვენ, რათა მეზღვაურები დაბრუნდნენ ქვეყანაში", - აღნიშნა ერეკლე გუჯაბიძემ.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნინო ხარაძის თქმით, საკითხის მოგვარებაში ჩართულია საქართველოს საკონსულო ესპანეთში; ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს ინფორმაცია საკითხთან დაკავშირებით.

"2013 წლის 1-ელ აპრილს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შემოვიდა ალჟირის სახალხო რესპუბლიკის, პორტ ჟენ-ჟენში თვითმცვლელ მშრალტვირთმზიდ გემ "EOS"-ზე მყოფი 10 ქართველი მეზღვაურის ელექტრონული შეტყობინება. მიღებული ინფორმაციის თანახმად, ცხრა თვის განმავლობაში ალჟირის სანაპირო დაცვა და ჟან-ჟანის ნავსადგურის ადმინისტრაცია არ აძლევს გემის დატოვების უფლებას", - აღნიშნა ნინო ხარაძემ.