გოგა ხაჩიძე:    ერთ დღესაც მკითხავენ - გინდათ გესაუბროთ ჭეშმარიტ ხუხაშვილზე?

გოგა ხაჩიძე: ერთ დღესაც მკითხავენ - გინდათ გესაუბროთ ჭეშმარიტ ხუხაშვილზე?

ვინ არის გია ხუხაშვილი? ეს კითხვა უმცირესობის წევრმა, გოგა ხაჩიძემ პარლამენტის სხდომაზე დასვა და იმ სახელმწიფოებრივ საფრთხეებზე ისაუბრა, რომლებიც, მისი თქმით, გია ხუხაშვილის რჩევებით მიღებულ გადაწყვეტილებებს შეიძლება მოყვეს.

"საქართველოში ყოველთვის არსებობდა ნახევრად რიტორიკული კითხვები, მაგალითად, ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან? რა მოხდა აბაშაში? ვინ შეკაზმავს ცხენს და ა.შ. თუ დღევანდელ რეალობას გადავხედავთ ალბათ ყველაზე აქტუალური შეკითხვა არის - ვინ არის ბატონი ხუხაშვილი?.

არჩევნებამდე ვიცოდით, რომ ხუხაშვილი ექსპერტად იყო წოდებული, ერთია რა რჩევებს იძლეოდა ის და ვინ უსმენდა მის რჩევებს მაგრამ, არჩევნების შემდეგ მისი რჩევების მოსმენა სავალდებულო გახდა. დღეს ხუხაშვილი პრემიერის ფავორიტია და ძალიან ბევრ ადგილას ვიხილეთ მისი ხუხაშვილისეული გამოვლინებები. გარდა ამისა, ხუხაშვილი აღმოჩნდა რკინიგზის დეპარტამენტის მრჩევლად. მისი დანიშვნის შემდეგ პირველად მოხდა ფაქტი, რომ რკინიგზის ტვირთბრუნვა შემცირდა. მე არ მინახავს ქვეყანა, სადაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს რკინიგზის დეპარტამენტის მრჩევლები წყვეტენ. ის დღეს უკვე არის ჩვენი პრემიერის მრჩეველი საერთაშორისო სავაჭრო ეკონომიკურ საკითხებში. შესაბამისად ვფიქრობ, რომ ზუსტად იგივე ბედი ელის ჩვენს საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს, როგორიც რკინიგზაში მოხდა", – განაცხადა გოგა ხაჩიზემ.

ამასთან დეპუტატმა თავის გამოსვლაში გია ხუხაშვილი ცნობილი ქართული ზღაპრის პერსონაჟს, კომბლესაც შეადარა და მისი, როგორც ერთგვარი სწავლების სასკოლო პროგრამაში შეტანის "ინიციატივით" გამოვიდა.

"ბატონმა გია ხუხაშვილმა თავად თქვა, რომ მასთან ბიზნესმენები აღსარებების სათქმელად მიდიოდნენ. ანუ ის ერთგვარი ბიზნეს კომბლესავით იჯდა ფიქსელის შენობაში უსმენდა ბიზნესმენებს, შემდეგ კი ბიზნესებს თლიდა და ჭერში აწყობდა. მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ცაში ფრინველს ვერ უფრენია და მიწაზე ჭიანჭველას ვერ გაუვლია ხუხაშვილის გარეშე. მას შემდეგ, რაც ხუხაშვილი ტელეწამყვანიც გახდა, ალბათ დადგა დრო, რომ სასკოლო პროგრამაშიც შევიტანოთ, როგორც ერთგვარი სწავლება. მაქვს მოლოდინი, რომ ერთ მშვენიერ დილას ჩემს კარზე ზარი გაისმება და მომღიმარი სახით მკითხავენ – გინდათ გესაუბროთ ჭეშმარიტ ხუხაშვილზე? დიდი სიამოვნებით შემოვიპატიჟებ ყველას და ვესაუბრები ჭეშმარიტ ხუხაშვილზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს წყვეტს", - აცხადებს გოგა ხაჩიძე.