მერაბ მარგოშვილი:   ჩეჩნებს ივანიშვილზე თავდასხმა ან სააკაშვილზე თავდასხმის ინსცენირება უნდა მოეწყოთ

მერაბ მარგოშვილი: ჩეჩნებს ივანიშვილზე თავდასხმა ან სააკაშვილზე თავდასხმის ინსცენირება უნდა მოეწყოთ

ჩეჩნებს ივანიშვილზე თავდასხმა ან სააკაშვილზე თავდასხმის ინსცენირება უნდა მოეწყოთ, - ამის შესახებ ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული ასლან მარგოშვილის მამა, მერაბ მარგოშვილი გაზეთ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში აცხადებს. 

მისი თქმით, დაკრძალვამდე გვამებს ექსპერტიზა ჩაუტარდა, თუმცა ოჯახებისთვის პასუხები არავის უცნობებია. როგორც მერაბ მარგოშვილი ამბობს, ცხედრების ექსჰუმაციას სწორედ ამიტომ დათანხმდნენ.

"ვიცით, რომ ყველა მათგანს ზურგში ესროლეს. პირველი იერიში სპეცრაზმმა 04:00 საათზე მიიტანა. ეტყობა, ბიჭების ჩაძინებას ელოდებოდნენ. ახალგაზრდებს, რა თქმა უნდა, არ ეგონათ, ასე თუ გაწირავდნენ, ვინაიდან 6 თვე თბილისში, საბურთალოზე ცხოვრობდნენ. მათ ამზადებდნენ და ინსტრუქტაჟს უტარებდნენ საქართველოს სხვადასხვა ბაზაზე – შავნაბადაზეც კი ყოფილან. ისინი იცნობდნენ ყველა მაღალჩინოსანს, ვისაც მათთან ჰქონდა შეხება. მათ წვრთნასა და მომზადებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა, უშუალო ზედამხედველობას კი ყველაფერს უწევდა ანტიტერორისტული ჯგუფის ხელმძღვანელი სანდრო ამირიძე. ის აკონტროლებდა გასულ და შემოსულ ჩეჩნებს და მუშაობდა მათთან", - აცხადებს მერაბ მარგოშვილი.

ასლან მარგოშვილის მამა ინტერვიუში ყვება, რომ სპეცოპერაციამდე ერთი თვით ადრე ახალგაზრდებს იარაღი გაუფორმეს და ჩეჩნების საზღვრამდე გაცილება დაავალეს.

"ჩვენთვის ბიჭების მომზადების ორი ვერსიაა გამოკვეთილი – ჩეჩნებს უნდა მოეწყოთ ივანიშვილზე თავდასხმა. ქართული სპეცრაზმი მათ უკან იქნებოდა და თავდამსხმელებს იქვე ამოხოცავდნენ, რათა შემდეგ სააკაშვილს მსოფლიოს გასაგონად ეყვირა, ჩეჩენი ტერორისტებისგან ვიხსენი ივანიშვილიო. ეს იყო სააკაშვილის მიერ წინასაარჩევნოდ გათვლილი პიარი. მეორე ვერსიით, იქნებოდა სააკაშვილზე თავდასხმის ინსცენირება. ამ ყველაფერზე კი მათ უარი უთქვამთ... გია ლორთქიფანიძემ თქვა, ჩემი ბრალი არ არის, სააკაშვილის ბრძანებას ვასრულებდიო... დარწმუნებული ვარ, სააკაშვილისა და მერაბიშვილის გარეშე იქ კაცი არ იყო რამის გამკეთებელი. ბაჩო ახალაია კი, შს მინისტრი იყო და მისი სპეცრაზმი იქ იყო მობილიზებული. ახალაიაც ყელამდეა ამ საქმეში ჩაფლული, მაგრამ მერაბიშვილისა და სააკაშვილის გამორიცხვა აბსურდია", - აცხადებს მერაბ მარგოშვილი.

ინტერვიუს სრული ვერსია გაზეთ "ყველა სიახლის" დღევანდელ ნომერში გამოქვეყნდა.