გიგა ბოკერია - რუსეთთან რიტორიკის შეცვლის რევერანსით მისი პოზიციის ცვლილების მოლოდინი გულუბრყვილობაა

გიგა ბოკერია - რუსეთთან რიტორიკის შეცვლის რევერანსით მისი პოზიციის ცვლილების მოლოდინი გულუბრყვილობაა

უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ რუსეთთან რიტორიკის შეცვლის რევერანსით მისი პოზიციის ცვლილების მოლოდინი გულუბრყვილობაა .
ამის შესახებ ბოკერიამ გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობა სტრატეგიულ დოკუმენტებში რუსეთთან დაკავშირებით არსებული ჩანაწერების ცვლილებას არ დაუშვებს.

"იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება და პრემიერი რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადებისას არ იყო ინფორმირებული, ან მხოლოდ რიტორიკაზე საუბრობდა და არა სტრატეგიულ დოკუმენტებზე ძირეული ჩანაწერების შეცვლაზე. არ შევუდგები იმის ანალიზს, რა იყო პრემიერის ამ შეცდომის ანატომია, ფაქტი კი მდგომარეობს იმაში, რომ ყველა სტრატეგიულ დოკუმენტში, ვგულისხმობ, როგორც წინა მთავრობის მიერ შექმნილს, ისე სტრატეგიული მიმოხილვის ახალ პროექტს, აღწერილია ზუსტად ის ვითარება, რომელიც არის ის, რომ რუსეთის ჯარების მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოხდა, რომ თავისთავად ეს არის მთავარი გამოწვევა და საფრთხე და რომ შემდგომი სცენარები, დესტაბილიზაციის საფრთხე მომდინარეობს სწორედ აქედან", - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე განმარტებით, სტრატეგიულ დოკუმენტებში რუსეთის მიმართ არსებული ჩანაწერები იქამდე უნდა დარჩეს, სანამ აღნიშნული საფრთხე რჩება. "თუ პრემიერს აქვს რაიმე არგუმენტი და აგვიხსნის, რატომ არ უნდა იყოს ასე, მოვისმენთ, მაგრამ ჩვენ სხვა რეალობას ვერ ვხედავთ. თუ ილუზია არსებობს, რომ ასეთი რევერანსებით მოხდება რუსეთის პოზიციის შეცვლა, ეს საუკეთესო შემთხვევაში არის გულუბრყვილობა და ასუსტებს ჩვენს პოლიტიკურ და დიპლომატიურ პოზიციებს", - აღნიშნა ბოკერიამ.