ირაკლი ალასანია - არ გვაქვს ილუზია, რომ რუსეთი უახლოეს წლებში ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით დამოკიდებულებას შეცვლის

ირაკლი ალასანია - არ გვაქვს ილუზია, რომ რუსეთი უახლოეს წლებში ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით დამოკიდებულებას შეცვლის

ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში არანაირ ცვლილებაზე საუბარი არ არის, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა .
მისი თქმით, საუბარია სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტზე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაცია მუშაობდა. "ჩვენ, როდესაც მოვედით ხელისუფლებაში, მივიღეთ გადაწყვეტილება, ახალი არ შეგვექმნა და გავაგძელეთ ამ დოკუმენტზე მუშაობა. მას დაემატა ჩანაწერი, სადაც საუბარია, რომ ახალი რეალობა გაჩნდა, მოლაპარაკება რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო, ჰუმანიტარულ, სატრანსპორტო თემებზე, რაც აჩენს ძალიან ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ჩვენი ურთიერთობების დარეგულირების პოტენციალი არსებობს", - აღნიშნა ალასანიამ.

რაც შეეხება საფრთხეებს, თავდაცვის მინისტრის განცხადებით, არანაირი ცვლილება საფრთხეების შეფასებაში არ არსებობს. "ჩვენთვის ისევე წარმოადგენს საფრთხეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რუსული შეიარაღებული ძალები, როგორც ეს იყო 6 თვის წინ", - განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, ადრე თუ გვიან რუსეთის ჯარები გავლენ საქართველოს ტერიტორიებიდან, თუმცა, ამას სჭირდება დაბალანსებული პოლიტიკა. ალასანია აცხადებს, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება.

როგორც ალასანიამ აღნიშნა, არანაირი შერბილება რუსეთთან რიტორიკის, საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე, თუნდაც დეოკუპაციის ხარჯზე, არ მომხდარა.

"პრაგმატიზმი შემოვიდა ჩვენს პოლიტიკაში რუსეთთან მიმართებაში. სამხედრო რიტორიკა შევამცირეთ და ასე უნდა იყოს. ჩვენს ამ პრაგმატულ პოლიტიკას ნატო-ს გენმდივანი და ევროკავშირის ლიდერები მიესალმნენ. მაგრამ, მინდა აღვნიშნო, ჩვენს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, არც მე არ გვაქვს ილუზია, რომ რუსეთი უახლოეს წლებში შეცვლის თავის დამოკიდებულებას ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ან თუნდაც ჩვენს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციასთან დაკავშირებით",-აღნიშნა ალასანიამ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის პოლიტიკის მიზანია, არ მისცეს მიზეზი რუსეთს, საქართველოზე საგარეო პოლიტიკური თავდასხმები მოახდინის.