გიგა ბოკერია პროკურატურის არც ერთ ბრალდებას არ ეთანხმება

გიგა ბოკერია პროკურატურის არც ერთ ბრალდებას არ ეთანხმება

უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია პროკურატურის მიერ მის უწყებასთან დაკავშირებით არსებულ ბრალდებებს "აბსურდულს" უწოდებს. როგორც ბოკერიამ პროკურატურის მიერ უშიშროების საბჭოში საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით დაწყებული ძიების საკითხზე გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა, არც ერთ ბრალდებას ეთანხმება.

"ეს პროცესი დაიწყო დეკემბერში. შეშფოთების საფუძველია არა გამოძიება, არამედ ამ ყველაფრის ანატომია. პრემიერ-მინისტრი ძალიან გაბრაზდა დასავლურ პრესაში დაბეჭდილ ერთ-ერთ პუბლიკაციაზე და საჯაროდ განაცხადა, რომ ვიცით, ვინ დგას ამის უკან _ ეს არის ბოკერიაო და იქვე დაგვემუქრა, გამოძიებას ჩავატარებთო. შეუძლიათ გამოიძიონ ყველაფერი, მაგრამ პრეტენზიებს, რომ სახსრები პრიორიტეტების მიხედვით არ იყო დახარჯული, ფუნდამენტურად არ ვეთანხმები. პოლიტიკურადაც არ ვეთანხმები, რომ არაღიარება, ნატოს მიმართულება, შტატებთან დაახლოება და საქართველოს ინტერესების ლობირება არ უნდა ყოფილიყო ამ უწყების პრიორიტეტი. სისხლის სამართლებრივ დევნაზე საუბარი საერთოდ აბსურდად მიმაჩნია, მაგრამ ეს არ არის ჩემი კომპეტენცია, ისინი იძიებენ. ჩემი აზრით, ყველა ეს ბუნდოვანი ბრალდება უსაფუძვლოა", - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე განმარტებით, პრემიერმა "ნაციონალური მოძრაობის" გუნდის წევრებს ბევრჯერ შეუთვალა, რომ გამოძიება დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ მოიქცევიან და როგორი რიტორიკა ექნებათ.

"პრემიერმა ბევრჯერ შემოგვითვალა, რომ თუ პოლიტიკურად შემაწუხებთ, მაშინ დაგიჭერთო", - აღნიშნა ბოკერიამ. ამასთან, უშიშროების საბჭოს მდივანმა იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რის გამოც მისმა უწყებამ ახალ მთავრობასთან თანამშრომლობა ვერ შეძლო და აღნიშნულიც უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას დაუკავშირა.

"საგარეო კურსსა და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხზე თანამშრომლობა ვერ შედგა, რადგან ზედაპირზე დევს, რა არჩევანი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა. მას ჰქონდა მკაფიო პოზიცია, რომ ჩვენთან საქმის დაჭერა არ უნდოდა. ჩემი აზრით, ესაა მძიმე შეცდომა, რადგან საქმე ეხება ქვეყნის ინტერესებს. პრემიერ-მინისტრს შეხვედრაზე ისიც შევთავაზე, უშიშროების საბჭოც შევკრიბოთთქო, მაგრამ ამ წინადადებას არანაირი ენთუზიაზმი არ მოჰყოლია. აღნიშნულ საკითხებზე ჩვენ ახლაც მზად ვარ თანამშრომლობისთვის, რადგან ეს ჩვენი მოვალეობაა, მაგრამ, სამწუხაროდ, მეორე მხრიდან ვხედავთ ფუნდამენტურად განსხვავებულ ნაბიჯებს – ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულებას, ტერორიზმზე ასეთ უპასუხისმგებლო და გაუგებარ განცხადებებს და ა.შ. სამწუხაროა, რომ პრემიერ-მინისტმა ეს დამოკიდებულება ვერ დაძლია", - განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა.