გიგა ბოკერია პრაიმერში თავისი კანდიდატურის დაყენებას გამორიცხავს

გიგა ბოკერია პრაიმერში თავისი კანდიდატურის დაყენებას გამორიცხავს

უშიშროების საბჭოს მდივანი, გიგა ბოკერია "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევ პრაიმერში თავისი კანდიდატურის დაყენებას გამორიცხავს, - ამის შესახებ გიგა ბოკერიამ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.

"ნამდვილად არ არის შესაძლებელი ეს, მრავალი მიზეზის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ამ პოლიტიკური გუნდის წევრი ვიყავი, ვარ და ვიქნები მომავალშიც, უშიშროების საბჭოს მდივანი ვარ და ასეთ პარტიულ დისკუსიაში საჯაროდ არ მინდა სპეკულირება, მაგრამ გარკვევით შემიძლია ვთქვა, რომ ამ პროცესში, როგორც კანდიდატი, მონაწილეობას არ მივიღებ. ეს არ ნიშნავს, რომ პრაიმერის პროცესის წინააღმდეგი ვარ. უბრალოდ, რეალისტური შეხედულება მაქვს ჩემს შესაძლებლობებზე", - განმარტა ბოკერიამ.

რაც შეეხება კითხვას, რა შესაძლებლობები ექნება "ნაციონალურ მოძრაობას" საპრეზიდენტო არჩევნებზე, ბოკერიამ განაცხადა, რომ არც ადრე იყო პოლიტიკური მიმომხილველი და არც ახლაა. "ერთადერთი მინდა ვთქვა, რაც შუალედურმა არჩევნებმა აჩვენა - მიუხედვად მმართველი პარტიის დიდი უპირატესობისა, "ნაციონალური მოძრაობა" არის ცალსახად მთავარი ოპოზიციური ძალა", - აღნიშნა ბოკერიამ. მისივე თქმით, ის მაჩვენებლი, რაც ახლა მის პარტიას აქვს, არ არის დამაკმაყოფილებელი და უნდა მოხდეს შეცდომების ანალიზი. "გამარჯვებულებს კი არ უნდა ჰქონდეთ ილუზია, რომ დამარცხებული გაქრება", - დასძინა ბოკერიამ.

აღსანიშნავია, რომ დღეს, გიორგი ბარამიძემ პირველმა განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად ჩასატარებელ პრაიმერში თავის კანდიდატურას დააყენებს.