ირაკლი ალასანია – არ არსებობს იმის მტკიცების საფუძველი, რომ საქართველოში ჩრდილოკავკასიელი ტერორისტები მომზადებას გადიოდნენ

ირაკლი ალასანია – არ არსებობს იმის მტკიცების საფუძველი, რომ საქართველოში ჩრდილოკავკასიელი ტერორისტები მომზადებას გადიოდნენ

საქართველოს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი ყოველთვის გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში შედის, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა, რითაც ის პრემიერ-მინისტრის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილმა არ გამორიცხა, რომ საქართველოში ჩრდილოკავკასიელი ტერორისტები გარკვეულ მომზადებას გადიოდნენ.

ამასთან, ალასანიას განმარტებით, მის ხელთ არსებული სადაზვერო და ოპერატიულ ინფორმაციებზე დაყრდნობით შეუძლია თქვას, რომ აღნიშნულის მტკიცების საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს.
"არანაირი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს უსაფრთხოებას, ჩვენს თავდასხმას. გამოძიება მიმდინარეობს, ნაადრევი დასკვნების გაკეთების აუცილებლობას ვერ ვხედავ. იმ სადაზვერვო და ოპერატიულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, რომელიც მე გამაჩნია, ამის გაცხადების საფუძველი ჯერ არ გვაქვს, მაგრამ დაველოდებით გამოძიებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოძიება, რომელიც, იმედი მაქვს, ობიექტურ ჭეშმარიტებას დაადგენს, არავითარ შეთხვევში არ იქნება გამოყენებული ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი იქნება ეს თუ სხვა, ვარაუდების გამოთქმის საფუძველი აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამის მტკიცების საფუძველი არ არსებობს", - აღნიშნა ალასანიამ.