გონიოელები ჩამორთმეული მიწის ნაკვეთების დაბრუნებას ითხოვენ

გონიოელები ჩამორთმეული მიწის ნაკვეთების დაბრუნებას ითხოვენ

გონიოს ციხის მიმდებარედ მცხოვრებმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ჩამორთმეული მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებაში დარეგისტრირებას მოითხოვდნენ. როგორც მოსახლეობა აღნიშნავს, 2010 წელს იმ მიზეზით ჩამოართვეს, რომ მიწის ნაკვეთები გიონიოს ციხესთან, ანუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან ახლოს მდებარეობდა. როგორც გონიოში მცხოვრებმა ენვერ ირემაძემ აღნიშნა, მიწები, ხელვაჩაურის საკრებულომ 2007 წელს წინასაარჩევნოდ ხმების მოსაგროვებლად დაურეგისტრირა, არჩევნების შემდეგ კი საქართველოს პრეზიდენტმა სავარაუდოდ მისი გაყიდვა მოინდომა. როგორც გონიოელმა გული კახიძემ აღნიშნა, მიწის ნაკვეთებზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას აწარმოებენ, რაც მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა.
"მიწებს ჯერ არენდით ვსარგებლობდით, სამი წლის წინ კი საკუთრებაში გადმოგვეცა. შემდეგ, გვაცნობეს, რომ გაუქმებული იყო საბუთი. მას შემდეგ ვითხოვთ მიწის დაბრუნებას, რადგან ერთადერთი საარსებო წყაროა ჩვენთვის", - აღნიშნა გული კახიძემ.

გონიოელებმა სასამართლოს მიმართეს, სადაც მათ ინტერესებს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" აჭარის ფილიალი იცავს. როგორც საია-ს აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გია ქარცივაძემ აღნიშნა, სამართალებრივი პროცედურები საქართველოში უკვე დასრულდა და საქმე განსახილველად სტრასბურგის სასამართლოს გადაეგზავნა.

"საქმეები სტრასბურგის სასამართლოშია გაგზავნილი. საჭიროა პოლიტიკური ნებით გადაწყვეტა. წინასაარჩევნოდ გადასცეს მიწის ნაკვეთები, მათი ხმები მოიპოვეს, შემდეგ კი ისევ ჩამოართვეს. ამას სჭირდება გონივრული განსჯა - ჯერ რატომ გადასცეს, ხოლო შემდეგ რატომ ჩამოართვეს ეს გასარკვევია", - აღნიშნა გია ქარცივაძემ.