კონსტანტინ ლებედევი რუსულ აქციებში გივი თარგამაძის მონაწილეობას იხსნებს

კონსტანტინ ლებედევი რუსულ აქციებში გივი თარგამაძის მონაწილეობას იხსნებს

6 მაისს მოსკოვში, "ბალოტნაიას მოედანზე" მასობრივი აქციების ორგანიზატორი კონსტანტინ ლებედევი რუსულ "კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ არეულობის ორგანიზება სერგეი უდალცოვთან , ლეონიდ რაზვოზჟაევთან და გივი თარგამაძესთან ერთად დაგეგმა.

მისივე განცხადებით, სასამართლოში ჩვენების მიცემისას აღიარა, რომ იმავე ადამიანებთან ერთად მომავალშიც გეგმავდა მასობრივი არეულობების მომზადებას.
"ჩვენ მემარცხენე პარტიის შექმნას ვფიქრობდით. ყოველ შემთხვევაში, ამაზე საუბრობდა თარგამაძე და საბოლოოდ, სახელისუფლო ორგანოში შესვლას ვგეგმავდით", - აღნიშნა ლებედევმა რუსულ გამოცემასთან საუბრისას.

მისივე თქმით, ქართველი დეპუტატი 2005 წელს უკრაინაში, "მაიდანზე" გაიცნო, რომელიც მას გააცნეს, როგორც ერთ-ერთი მოძრაობის სპონსორი და მასწავლებელი.
"გაწეული სამსახურისთვის თარგამაძისგან პირველად ფული 2006 წელს ბელორუსში მივიღე. ადგილობრივი აქტივისტების მუშაობას ვაკვირდებოდი. ადვილი დავალება მქონდა – უნდა შემემოწმებინა გააკრეს თუ არა პლაკატები, რამდენი ადამიანი მივიდა რეალურად აქციაზე, ინსტრუქციები გამეცა", - აცხადებს ლებედევი.

პირველი თანხები კი, გივი თარგამაძისგან რუსეთში ლებედევის მიერ შექმნილი მოძრაობა Смена-ს მეშვეობით შევიდა. ლებედევის თქმით, ეს ორგანიზაცია საქართველოსა და ევროპის არაოფიციალური გრანტებით არსებობდა.

რაც შეეხება უდალცოვისა და თარგამაძის ურთიერთობას, ლებედევი აცხადებს, რომ მათი გაცნობა ქართველი დეპუტატის ინიციატივით მოხდა.
"2011 წელს, როცა სათათბიროს არჩევნების შემდეგ პროტესტები დაიწყო, თარგამაძე ძალიან აღფრთოვანდა. მეუბნებოდა, უდალცოვი ძალიან მომწონსო. ის ნავალნიზეც მეკითხებოდა, თუმცა ვუთხარი, რომ ნავალნი ამაზე არ წავიდოდა", - აცხადებს ლებედევი.

როგორც ლებედევი რუსულ "კომერსანტთან" აცხადებს, სამეული – უდალცოვი, რაზვოზჟაევი და ლებედევი – თარგამაძეს სამჯერ შეხვდნენ. პირველად ეს მინსკში, 2012 წლის მარტში მოხდა, მეორეჯერ ივნისში, მესამეჯერ კი - აგვისტოში. ლებედევის განცხადებით, ბოლო შეხვედრის დროს მანქანის საჭეს ლიტვაში საქართველოს ელჩი მართავდა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

"კომერსანტთან" ინტერვიუში, ლებედევი აცხადებს, რომ გივი თარგამაძესთან ერთად განიხილავდნენ ტრანსციმბირული მაგისტრალის აფეთქების ვარიანტს. გარდა ამისა, მისივე თქმით, ქართული მხარე ასევე სთავაზობდა მათ პუტინის გამოსახულებიანი საჰაერო ბურთის გაშვებას და მისთვის იარაღის სროლას, კადიროვის დაცვის პროვოცირებას მისი კორტეჟისთვის გზის გადაკეტვით, ავტობუსებით დატვირთული სატვირთოების გატაცებას ან დაქირავებას და მიტინგების დროს მათი მეშვეობით პოლიცისგან თავს დაცვას.