ქეთევან ციხელაშვილი:    მთავრობა ნატოსა და ტერიტორიულ მთლიანობას შორის არჩევანს არ აპირებს

ქეთევან ციხელაშვილი: მთავრობა ნატოსა და ტერიტორიულ მთლიანობას შორის არჩევანს არ აპირებს

საქართველოს მთავრობა ნატოსა და ტერიტორიულ მთლიანობას შორის არჩევანის გაკეთებას არ აპირებს, - ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა ნატო-ს საპარალმენტო ასამბლეის სემინარზე მას შემდეგ განაცხადა, რაც ამ თემაზე კითხვა დაუსვეს.

მისი თქმით, ეს საკითხისადმი არასწორი მიდგომაა, რადგან რამის მსხვერპლად შეწირვა დაუშვებელია. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობას კონფლიქტის მოგვარების გზაზე სჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარება ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში.

მისივე განმარტებით, საბაჟო, ან ევრაზიულ კავშირში შესსვლას საქართველო არ აპირებს, რადგან ქვეყანამ არჩევანი უკვე დიდი ხნის წინ გააკეთა.

"საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა გავყვეთ გზას, რომელიც ევროინტეგრაციამდე მიგვიყვანს. ჩვენ გვინდა ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს. ამ მხრივ პარლამენტი კარგად მუშაობს საჭირო კანონების მიღების მიმართულებით. ჩვენ ველოდებით ვილნიუსის სამიტს", - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ამავდროულად საქართველოს მთავრობა ცდილობს ურთიერთობების ნორმალიზებას რუსეთთან და ამას იწყებს ისეთი საკითხებით, რომელიც პოლიტიკისგან განსხვავებულია.

ქეთევან ციხელაშვილმა ყურადღება გაამახვილა ჟენევის ფორმატის მნიშვნელობაზეც.

კითხვას, რა კონკრეტული შედეგები მოუტანა ჟენევის ფორმატში მონაწილეობამ საქართველოს მთავრობას, ქეთევან ციხელაშვილმა უპასუხა, რომ კონკრეტული შედეგია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჩამოყალიბება, რომელიც ადგილობრივად მუშაობს და მოსახლეობის ცალკეული სირთულეების გადასაჭერელად საკმაოდ პრაქტიკული ფორმატია.

ჟენევის ფორმატის მიღწევად სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ასევე დაასახელა ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტი, რომელზეც, მისი თქმით, რუსეთს ოფიციალურად საწინააღმდეგო პოზიცია არ დაუფიქსირებია.