მინისტრის მოადგილე ერგნეთის ბაზრობას მნიშვნელოვან სამშვიდობო ინსტრუმენტს უწოდებს

მინისტრის მოადგილე ერგნეთის ბაზრობას მნიშვნელოვან სამშვიდობო ინსტრუმენტს უწოდებს

ერგნეთის ბაზრობა მნიშვნელოვანი სამშვიდობო ინსტრუმენტია, - ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარზე განაცხადა. 

კომენტარი ამ თემაზე ქეთევან ციხელაშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა კითხვა დაუსვა, რამდენად აუცილებელია ამ ბაზრობის გახსნა და შეძლებს თუ არა საქართველოს მთავრობა საზღვრის კონტროლს.

როგორც ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, ერგნეთის ბაზრობას ყოველთვის ახლდა თან კრიმინალი, თუმცა ამ ბაზრობისადმი ყოფილი ხელისუფლების მხრიდან გამოჩენილი იყო უყურადღებო და სწორხაზოვანი მიდგომა.

"დღეს არსებობს ბარიერები და ისინი საქართველოს მხრიდან არ არის აღმართული. ჩვენ ვცდილობთ ამ ბარიერების მოხსნას, ვეცდებით, გასვლისა და შესვლის ადგილები გამოვყოთ და სიტუაცია შემდეგ უფრო დიმანიკური გახდება. კეთილი ნების შემთხვევაში, ეს შესაძლებელია. მიგვაჩნია, რომ კონფლიქტის მოგვარებისადმი ხისტი და სწორხაზოვანი მიდგომა არასწორია, ჩვენ უნდა ვიყოთ კრეატიულები", - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.