ლოურენს შიითსი:  სისულელეა იმაზე ფიქრი, რომ შესაძლებელია კონფლიქტი ურთიერთობების გაუმჯობესების გარეშე გადაიჭრას

ლოურენს შიითსი: სისულელეა იმაზე ფიქრი, რომ შესაძლებელია კონფლიქტი ურთიერთობების გაუმჯობესების გარეშე გადაიჭრას

სისულელეა იმაზე ფიქრი, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი შესაძლოა ურთიერთობების გაუმჯობესებისა და ნორმალიზების გარეშე გადაიჭრას, - ამის შესახებ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარზე სიტყვით გამოსვლისას კავკასიის კრიზისების ჯგუფის დირექტორმა ლოურენს შიითსმა განაცხადა. 

მისი თქმით, ამ ეტაპზე რუსეთ-საქართველოს შორის საკმაოდ რთული ურთიერთობა არსებობს, თუმცა ორ ქვეყანას ისტორიულად ბევრი რამ აკავშირებს, მათ შორის კულტურა და რელიგია.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ემოციური კომპონენტებია, თუმცა სისულელეა იმაზე ფიქრი, რომ შესაძლებელია კონფლიქტი ურთიერთობების გაუმჯობესებისა და ნორმალიზების გარეშე გადაიჭრას. რუსეთმა და საქართველომ ურთიერთობები თავად უნდა მოაგვარონ. საგარეო ურთიერთობებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" დღეს რუსეთის მიერ კონტროლდება, თუმცა უნდა ვიფიქროთ იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ რეგიონებიდან არიან გამოდევნილი. ძალიან რთულად დგას ჰუმანიტარული სიტუაცია აღნიშნულ რეგიონებში. მიუღებელია ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული სიტუაცია, შეუძლებელი იქნება მორიგება თუ ამ საზღვარზე მიმოსვლა თავისუფალი არ გახდება. ამგვარი ბარიერები უნდა იყოს მოშორებული. ამავდროულად ცნობილია, რომ ცხინვალის სამთავრობო ბიუჯეტის 80% რუსეთისგან მიდის. სოხუმში რეალურად განცხადებული არ არის რუსეთთან კავშირი, თუმცა ეს ისედაც ცხადია", - აღნიშნა ლოურენს შიითსმა.

ამავდროულად, კავკასიის კრიზისების მართვის ცენტრის დირექტორი კონფლიქტურ რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ამ რეგიონებში მონიტორინგის შეწყვეტა ან მისიების შემცირება აღქმული იქნება რომ "ევროპა სამხრეთ კავკასიაზე აღარ დარდობს".