მთავარი პროკურატურისთვის უცნობია, რომელ საექსპერტო ბიუროს დასკვნაზე საუბრობს ირაკლი ფირცხალავა

მთავარი პროკურატურისთვის უცნობია, რომელ საექსპერტო ბიუროს დასკვნაზე საუბრობს ირაკლი ფირცხალავა

პროკურატურისთვის უცნობია, ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებული ვიდეო მასალის რომელ საექსპერტო დასკვნაზე საუბრობს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურის პრესასთან და საზოგადოების ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ განუცხადა, იმ საექსპერტო ბიუროში, რომელზეც ირაკლი ფირცხალავა საუბრობს, პროკურატურას ვიდეომასალა არ გაუგზავნია.

"მე არ ვიცი, რა დასკვნაზე საუბრობს ფირცხალავა. როგორც ჩემთვის ცნობილია, ირაკლი ფირცხავალას პრესკონფერენცია მოუწვევია და სიტყვიერი განცხადება გაუკეთებია, მაგრამ დოკუმენტები არ წარმოუდგენია. როგორც ის სიტყვიერად განმარტავს, ეს დასკვნა კერძო საექსპერტო ბიურომ დადო. ჩვენ ამ კერძო ბიუროში მასალა ექსპერტიზისთვის გაგზავნილი არ გვაქვს. ჩვენ გაგზავნილი გვაქვს ამერიკისა და გერმანიის ფედერალურ ბიუროებში. ქართული ექსპერტიზა კი დასრულდა და დაადასტურა, რომ ეს ვიდეომასალა მონტაჟი იყო", - განაცხადა პაიჭაძემ.

თავად ირაკლი ფირცხალავას თქმით კი, ამ დასკვნით დასტურდება, რომ ის ვიდეო მასალა, რომელიც თავად გაავრცელა, მონტაჟი არ არის.

"ამ დასკვნის ნაწილია მხოლოდ ჩემთვის ცნობილი. დასკვნის მიხედვით, დასტურდება, რომ ეს ვიდეო-მასალა მონტაჟი არ იყო და უწყვეტია. დასკვნა ბოლომდე არ არის ჩამოსული. ამ დასკვნით მტკიცდება, რომ რეალობასთან გვაქვს საქმე. ამ დასკვნით დასტურდება, რომ ეს პიროვნებები შეიარაღებულნი იყვნენ", - განაცხადა ფირცხალავამ.

ამასთან, ირაკლი ფირცხალავას თქმით, ერთ-ერთმა ადვოკატმა მიმართა ამერიკულ კერძო საექსპერტო ბიუროს. ფირცხალავა ამ ეტაპზე არ ახმაურებს არც ადვოკატის ვინაობას და არც აღნიშნული ექსპერტიზის ბიუროს სახელს.

"ეს დასკვნა მთლიანად ორშაბათს გასაჯაროვდება", - აღნიშნა ფირცხალავამ.