გიორგი კუნაძე - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი საქართველოს პასუხისმგებლობაც არის

გიორგი კუნაძე - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი საქართველოს პასუხისმგებლობაც არის

აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი არა მხოლოდ რუსეთის, არამედ საქართველოს პასუხისმგებლობაც არის, - ამის შესახებ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სემინარზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი კუნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რაც არ უნდა მოხდეს მსოფლიო მასშტაბით, რატომღაც ყოველთვის ყველა რუსეთს მიიჩნევს დამნაშავედ. თუმცა, კუნაძის განცხადებით, რუსეთის გარდა სხვებმაც დაუშვეს შეცდომები და მათაც უნდა აგონ პასუხი.

"ყველაფერი არ არის შავ და თეთრ ფერებში. მაგალითად, როდესაც ვსაუბრობთ დნესტრისპირეთის კონფლიქტზე, მოლდოვის მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ანტაგონიზმის გაღვივებისთვის. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში საქართველოს პასუხისმგებლობაა ავტონომიის მოშლის მცდელობა, რომელიც საქართველოს პირველი მთავრობის დროს დაიწყო და ეს იყო შოკი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მოსახლეობისთვის", - განაცხადა კუნაძემ.

მისივე თქმით, როგორც საქართველოს, ასევე მოლდოვას უფრო რეალისტური ხედვა სჭირდებათ და, რუსეთის დადანაშაულების გარდა, უნდა იფიქრონ, რომ გადმოიბირონ მოსახლეობა, რომლებიც კონფლიქტურ რეგიონებში ცხოვრობენ.