რუსეთის წარმომადგენელი გიორგი კუნაძე საქართველოს ჩრდილოეთ კვიპროსის გამოცდილების გაზიარებას ურჩევს

რუსეთის წარმომადგენელი გიორგი კუნაძე საქართველოს ჩრდილოეთ კვიპროსის გამოცდილების გაზიარებას ურჩევს

საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესება რუსეთის დიპლომატიისთვის დიდი პრიორიტეტი არ არის, - ამის შესახებ სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" მიმდინარე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის "როუზ-როსის" 83-ე სემინარზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი კუნაძემ განაცხადა.

კუნაძემ დღევანდელ სემინარზე ერთგვარი პრეზენტაცია გამართა თემაზე - "საქართველო-რუსეთის ურთიერთობები: რუსეთის პერსპექტივა". როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე მიიჩნევს, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ გაუარესდა, რაც რუსეთმა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
"დღევანდელ გამოსვლაში ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ არ ჩანს მზადყოფნა რუსეთის მხრიდან ამ აღიარების უკან წაღების. რუსეთის შიდა პოლიტიკა არამდგრადია და ეს არ იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს მეტი პრიორიტეტი ჰქონდეთ მინიჭებული", - განაცხადა გიორგი კუნაძემ.

მანვე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებაზე საუბარისას მსოფლიო პრაქტიკიდან სამი მაგალითი მოიყვანა, კერძოდ ტაივანის, ოლანდის კუნძულებისა და ჩრდილოეთ კვიპროსის.
"არ ვიცი, ეს მაგალითები რამდენად დაეხმარება საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ნორმალიზებას, მაგრამ მაინც ვურჩევ იმ ქვეყნებისგან, ისწავლონ იმათგან, რომელთაც მსგავსი პრობლემები მოაგვარეს", - განაცხადა კუნაძემ.

რაც შეეხება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას, კუნაძის განცხადებით, ეს პროცესი საქართველოს აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" დაბრუნებაში ვერ დაეხმარება.

"რუსეთი ირაციონალურად უდგება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. ეს შორი პერსპექტივაა, თუმცა როდესაც საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, რუსეთი ამას ხელს ვერ შეუშლის", - განაცხადა კუნაძემ.