ირაკლი ალასანია - სამშობლო, ღირსება, ერთგულება - ეს ჩვენი შეიარაღებული ძალების დევიზია

ირაკლი ალასანია - სამშობლო, ღირსება, ერთგულება - ეს ჩვენი შეიარაღებული ძალების დევიზია

ქართული არმია 22 წლისთავს აღნიშნავს. შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით ყველა სამხედრო ბაზაზე საზეიმო მოწყობა გაიმართა.
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ პროფესიული დღესასწაული პირად შემადგენლობას თავდაცვის სამინისტროს სამწყობრო მოედანზე პირადად მიულოცა.

მინისტრის მილოცვა ქართველ სამხედროებს ყველა სამხედრო ნაწილში საზეიმო მოწყობაზე გააცნეს.

"გილოცავთ საქართველოს შეიარაღებული ძალების 22-ე წლისთავს. ამ წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ თქვენ საკუთარი სიცოცხლის ფასად ღირსეულად ემსახურებით საქართველოს. სამშობლო, ღირსება, ერთგულება - ეს ჩვენი შეიარაღებული ძალების დევიზია. ქართული არმიისთვის ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. თქვენ და თქვენმა თანამებრძოლებმა დაამტკიცეთ, რომ საქართველოს ღირსეული შვილები ხართ, რომლებიც აგრძელებთ ჩვენი წინაპრების გზას. არ არის ტყვია, რომელიც თქვენ შეგაჩერებთ, რადგან თქვენი ფესვები საქართველოშია, იმ ქვეყანაში, რომელსაც ბევრჯერ კლავდნენ და არ კვდებოდა. მე ამაყი ვარ, რომ მერგო პატივი, გემსახუროთ თქვენ, ვინც ჩვენს სამშობლოს იცავს. მიგულეთ თქვენს გვერდით რიგით ჯარისკაცად".
დღესვე, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა სამხედრო ბაზაზე ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ სამხედროებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

თავდაცვის მინისტრმა, გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ და მისმა მოადგილემ პოლკოვნიკმა ლაშა ბერიძემ საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმატებულ 36 ოფიცერს უწყებრივი ჯილდო გადასცეს.

პროფესიულ დღესასწაულზე შეიარაღებული ძალების მასშტაბით 152 სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა.