აშშ მზადაა, საქართველოს სატელეფონო მოსმენებისა და თვალთვალის მეთოდებზე გამოცდილება გაუზიაროს

აშშ მზადაა, საქართველოს სატელეფონო მოსმენებისა და თვალთვალის მეთოდებზე გამოცდილება გაუზიაროს

ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, საქართველოს სატელეფონო მოსმენებისა და თვალთვალის მეთოდებთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილებით დაეხმაროს, - ამის შესახებ გუშინ , სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გამართულ კონფერენციაზე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა.

ელჩის თქმით, ამ საქმეში მთავარია სპეცსამსახურებზე საპარლამენტო ზედამხედველობა. "რა საკვირველია, აშშ და სხვებიც მზად არიან დაეხმარონ საქართველოს საკუთარი გამოცდილების გაზიარებით. საპარლამენტო ზედამხედველობა სპეცსამსახურებზე არის მთავარი ამ საქმეში. ასევე, მნიშვნელოვანია კანონები სატელეფონო მოსმენების და თვალთვალის მეთოდების შესახებ და პროცედურული უსაფრთხოების ზომები. მაგალითად, ჩემმა კოლეგამ იუსტიციის დეპარტამენტიდან, ჯერი კიმბელმა მითხრა, რომ მას ძალიან უჭირს მოსამართლისგან ჩანაწერების მიღება, რადგან ეს ხდება უკიდურეს შემთხვევებში", - აღნიშნა ნორლანდმა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. "ჩემი აზრით, ეს მსჯელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ მე ვერ გავაკეთებ შეფასებებს უკანონოდ მოპოვებული მასალების შესახებ. ამას გამოძიება გაარკვევს. მაგრამ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, თქვენ გაიგოთ, რომ დღევანდელ მსჯელობას აქვს რეგიონული მნიშვნელობა. ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის. საქართველო არის პოსტსაბჭოთა სივრცის ნაწილი და ამ სივრცეში არის ბევრი მეზობელი ქვეყანა, სადაც ამგვარი მსჯელობები არ გამართულა და რაც მთავარია, არ აქვთ შესაძლებლობა, რომ გამართონ ამგვარი მსჯელობები. ვფიქრობ, დღეს საქართველო არის იმ მდგომარეობაში, რომ მან უნდა გაავლოს ზღვარი საბჭოთა მემკვიდრეობასა და თანამედროვე ეპოქასთან. საქართველოს შეუძლია შემოიღოს ისეთი კანონები და პროცედურები, როგორიც ჯერ სხვა ქვეყნებში არ მომხდარა, რაც არის მზარდი პრობლემა. მაგალითად, როგორც ეს მოხდა ბრიტანეთში, სადაც ადგილი ჰქონდა მედია სკანდალს, როცა გაზეთების მხრიდან ადგილი ჰქონდა მობილური ტელეფონების საუბრების მოსმენებს. ეს არის თანამედროვე პრობლემა. საქართველო დღეს არის იმ მდგომარეობაში, რომ მას შეუძლია განსაზღვროს ახალი მიდგომები", - აღბნიშნა ნორლანდმა.

საქართველოს ეროვნული პლატფორმისა და მედიის წარმომადგენლების ინიციატივით, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გუშინ კონფერენცია "სამოქალაქო კონტროლი უკანონო მოსმენების აღსაკვეთად" გაიმართა. კონფერენციაზე იმსჯელეს წინა ხელისუფლების მიერ მოქალაქეებზე უკანონო თვალთვალის შედეგად მოპოვებული მასალების განადგურებისა და მომავალში მსგავსი პრეცედენტების თავიდან აცილების საკითხზე.