დღეს ქართული არმიის დღეა

დღეს ქართული არმიის დღეა

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დღეს 22 წელი შეუსრულდა. ქართული არმიის დღესთან დაკავშირებით დღეს რამდენიმე საზეიმო ღონისძიებაა დაგეგმილი. 09:00 საათიდან ყველა სამხედრო ნაწილში ჯარის მოწყობაზე სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიულ დღესასწაულს მიულოცავენ; ასევე, წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ ბრძოლებში დაღუპული სამხედროების ხსოვნას; გაიმართება წარჩინებული სამხედროების დაჯილდოების ცერემონია.

11:00 საათზე, დაბა ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, პოლიგონზე საჩვენებელი სწავლება გაიმართება, რომელსაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან.
შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილებში დღის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეებისთვის საზეიმო ღონისძიებები და მათი ოჯახის წევრებისთვის ღია კარის დღეები გაიმართება.

საზეიმო ღონისძიებები შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში დასრულდება, სადაც შეიარაღებული ძალების დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები.