ივანიშვილი: ხუხაშვილი ჩემს მრჩევლად ოფიციალურად გაფორმდება

ივანიშვილი: ხუხაშვილი ჩემს მრჩევლად ოფიციალურად გაფორმდება

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გია ხუხაშვილი მის მრჩევლად ოფიციალურად გაფორმდება, რადგან ბოლო დროს ამასთან დაკავშირებით დიდი მითქმა–მოთქმაა:

"ჩვენ გადავიწყვიტეთ რამდენიმე დღის წინ, რომ გია გაფორმდეს ოფიციალურ მრჩევლად, რამეთუ ძალიან დიდი ხმაურია ამასთან დაკავშირებით. გია არის აბსოლუტურად პატიოსანი და წესიერი კაცი. ტყუილად ცდილობენ განაწყენებული ხალხი, უმეტესწილად ალბათ ნაცები ახერხებენ ამას, აღვივებენ რაღაც სიცრუეებს მასთან დაკავშირებით. გია არის აბსოლუტურად მობილიზებული, რომ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დაეხმაროს თავის ქვეყანას. მას ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა”, – განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერის თქმით, გია ხუხაშვილთან დაკავშირებით გადაჭარბებული ჭორები ვრცელდება, რაზეც ძალიან ღელავს მისი მეუღლე. ივანიშვილმა ხუხაშვილს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა.

ხუხაშვილის ზემოხსენებული თანამდებობის დანიშვნის ფაქტზე დღეს, 29 აპრილს კომენტარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემაც გააკეთა. როგორც ირკვევა, ხუხაშვილი საგარეო ეკონომიკური მიმართულებით იმუშავებს. ფანჯიკიძის თქმით, ხუხაშვილს საგარეო პოლიტიკასთან შეხება არ ექნება.

"გია ხუხაშვილი არის ძალიან ცნობილი ექსპერტი, რომელიც მთავრობის ეკონომიკურ ჯგუფს კონსულტაციებს უწევდა. ახლა მოხდა ამ კონსულტაციების ინსტიტუტიონალიზაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი უფრო აქტიურად იქნება ჩართული საგარეო ეკონომიკური კუთხით და მონაწილეობას მიიღებს შესაბამის შეხვედრებში. იგი არის გამოცდილი და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად წაადგება იმ საქმეს, რომელსაც ის ემსახურება", – განაცხადა ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ მისი ინფორმაციით, ხუხაშვილი ზემოხსენებულ თანამდებობაზე უხელფასოდ იმუშავებს.