გიორგი კანდელაკს აინტერესებს, ხომ არ ფიქრობს თავდაცვის მინისტრი, რომ უწყებებს შორის უფრო მეტი კოორდინაცია უნდა იყოს

გიორგი კანდელაკს აინტერესებს, ხომ არ ფიქრობს თავდაცვის მინისტრი, რომ უწყებებს შორის უფრო მეტი კოორდინაცია უნდა იყოს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი "როუზ-როსის" სემინარზე კითხვა-პასუხის დროს დაინტერესდა, ხომ არ ფიქრობს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიას, რომ უწყებებს შორის უფრო მეტი კოორდინაცია უნდა იყოს. გიორგი კანდელაკის განცხადებით, პრემიერმა დღეს უკვე მეორედ თქვა, რომ არსებობს ტერორიზმთან თანამშრომლობის ეჭვები.

"თქვენ ეს ინფორმაცია უარყავით. მეორე საკითხი, ეს არის რუსეთის საკითხი, სტრატეგიული დოკუმენტი და რუსეთის, როგორც საფრთხის ამოღების შესახებ თემა. პრემიერმა ეს დაადასტურა, თქვენ - უარყავით. ხომ არ ფიქრობთ, რომ უწყებებს შორის უფრო მეტი კოორდინაცია უნდა იყოს, როცა საქმე ასეთ საკითხებს ეხება", - მიმართა ალასანიას კანდელაკმა.

როგორც თავდაცვის მინისტრმა განმარტა, საუბარია სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტზე, რომელზე მუშაობაც წინა მთავრობამ დაიწყო და ვინაიდან ახალმა მთავრობამ ჩათვალა, რომ ფუნდამენტური საკითხები არ შეცვლილა, გადაწყვიტა გაეგრძელებინა ამ დოკუმენტზე მუშაობა და ახლის წერა არ დაეწყოთ თავიდან.

"საფრთხეები, რომლებიც გვაქვს, რჩება საფრთხეებად, მაგრამ გაჩნდა ახალი რეალობა რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხი და საუბარია სავაჭრო ურთიერთობებზე, რომელიც იძლევა ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძვლებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ და სწორედ ასეთი ჩანაწერია ამ დოკუმენტში. როგორც მახსოვს, ვანო მერაბიშვილმა თქვა, რომ საფრთხეების კუთხით რაღაც შეიცვალა და ჩვენ ეს უნდა ავხსნათ. აქ ასახსნელი არაფერია, რადგან არაფერი შეცვლილა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ გიორგი კანდელაკის საპასუხოდ.

რაც შეეხება ლაფანყურის სპეცოპერაციას, თავდაცვის მინისტრის თქმითთ, ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს და წინასწარ დასკვნებს არ გააკეთებს. "მე ვფიქრობ, რომ მსგავსი ეჭვების საფუძველი არ გვაქვს. რაც შეეხება კოორდინაციას, ჩვენ მუდმივი შეხვედრები გვაქვს", - აღნიშნა ალასანიამ.