"ჯორჯიან მანგანეზს" კორპორაცია "ჯორჯიან ამერიქენ ელოიზ" ყიდულობს

"ჯორჯიან მანგანეზს" კორპორაცია "ჯორჯიან ამერიქენ ელოიზ" ყიდულობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ჯორჯიან ამერიქენ ელოიზ"-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს , "ჯორჯიან ამერიქენ ელოიზ"-მა ("ჯი ეი ეი"), საქართველოში მოქმედი შპს "ჯორჯიან მანგანეზისა" და შპს "ვარციხე 2005-ის" 100-პროცენტიანი წილები 2013 წლის 22 აპრილს შეისყიდა. "ჯი ეი ეი"-ის ინფორმაციას "ინტრეპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"ამერიკის ფეროშენადნობთა ბაზარზე უმსხვილესმა მწარმოებელმა, მომწოდებელმა და რეალიზატორმა კორპორაციამ "ჯორჯიან ამერიქენ ელოიზმა", გამოაცხადა, რომ 2013 წლის 22 აპრილს შეისყიდა საქართველოში მოქმედი შპს "ჯორჯიან მანგანეზისა" და შპს "ვარციხე 2005-ის" 100-პროცენტიანი წილები.

"ჯი ეი ეის" მიერ "ჯორჯიან მანგანეზისა" და "ვარციხე 2005-ის" შესყიდვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაბიჯია და უზრუნველყოფს ფეროშენადნობთა წარმოებასთან დაკავშირებული საწარმოების მზარდი ქსელის შექმნას. ამ ქსელში შედიან ისეთი გლობალური კომპანიები, როგორიცაა "ფელმან ფროდაქშენი", "ფელმან თრეიდინგი" და "სი-სი მეტალს ენდ ელოიზ". წელიწადზე მეტია, რაც "ჯი ეი ეი" ჩართული იყო აწ უკვე შესყიდული საწარმოების მართვაში, რამაც მას მიაწოდა საფუძვლიანი ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელების შესახებ.

"ძალზე მოხარულნი ვართ ამ შესყიდვის განხორციელებით, რადგან ის პირდაპირ თანხვედრაშია ჩვენს გრძელვადიან ამოცანასთან - ვაქციოთ "ჯი ეი ეი" მსოფლიოში ფეროშენადნობთა უდიდეს წყაროდ. საბადოს, გადამამუშავებელი ქარხნისა და ელექტროსადგურის უნიკალური კომბინაცია ქმნის მთელ რიგ კონკურენტულ უპირატესობებს და უზრუნველყოფს ხარჯების ერთობლიობასა და სინერგიას. გარდა ამისა, აღნიშნული გარიგება განამტკიცებს აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობებს და აძლიერებს "ჯი ეი ეის" პოზიციებს საერთაშორისო ასპარეზზე", - განაცხადა მისმა ხელმძღვანელმა, მორდეხაი კორფმა.

"მოხარულნი ვართ, რომ "ჯი ეი ეის" ოჯახის წევრი გავხდით. ეს კომპანია მსოფლიო ბაზარზე აღიარებულია, როგორც მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დამცველი და გვსურს, სრულად ჩავერთოთ მის საქმიანობაში", - განაცხადა "ჯორჯინ მანგანეზის" დირექტორმა, ვოლოდიმირ ლოზინსკიმ. კორპორაცია "ჯორჯიან ამერიქენ ელოიზ" (Georgian American Alloys), რომლის სათავო ოფისი ფლორიდაში, მაიამიში მდებარეობს, ფლობს და მართავს კომპანიებს, რომლებიც ჩართული არიან სხვადასხვა ხარისხის ფეროშენადნობების წარმოებასა და რეალიზაციაში. ამ კომპანიებს შორისაა ამერიკული "ფელმან ფროდაქშენი", "ფელმან თრეიდინგი", "სი სი მეტალს ენდ ელოიზ" და საქართველოში განლაგებული შპს "ჯორჯიან მანგანეზი".

"ჯი ეი ეი" მართავს ერთმანეთთან დაკავშირებული საწარმოებისა და მარკეტინგული მეთოდების მრავალფეროვან პორტფელს, რაც მას შესაძლებლობას აძლევს, იყოს მსოფლიო ლიდერი ფეროშენადნობთა ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიანი პროდუქციის შეუფერხებელ, საიმედო მიწოდებას კონკურენტუნარიან ფასებად.

"ჯორჯიან მანგანეზში" გაერთიანებულია ჭიათურის მანგანუმის მადნის მომპოვებელი საწარმო და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, რომელიც აწარმოებს სილიკომანგანუმს. "ვარციხე 2005", რომელიც ფლობს ვარციხის ჰიდროელექტროსადგურს, ელექტროენერგიით ამარაგებს ზესტაფონის ქარხანასა და ჭიათურის საბადოს. ეს უნიკალური საორგანიზაციო სტრუქტურა შესაძლებლობას იძლევა, უზრუნველყოფილ იქნეს სილიკომანგანუმის წარმოების სრული ციკლის შეუფერხებელი მუშაობა", - ნათქვამია "ჯორჯიან ამერიქენ ელოიზ"-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.