ირაკლი ღარიბაშვილი:   შსს უკანონო მოსმენებთან დაკავშირებული არქივის განადგურებას გამოძიების შემდეგ გეგმავს

ირაკლი ღარიბაშვილი: შსს უკანონო მოსმენებთან დაკავშირებული არქივის განადგურებას გამოძიების შემდეგ გეგმავს

შინაგან საქმეთა სამინისტრო უკანონო მოსმენებთან დაკავშირებული არქივის განადგურებას გამოძიების დასრულების შემდეგ გეგმავს, - ამის შესახებ შს მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე კონფერენციაზე – "სამოქალაქო კონტროლი უკანონო მოსმენების აღსაკვეთად" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში უკანონო მოსმენები პრაქტიკულად დასრულებულია.

"მინდა დაგარწმუნოთ, რომ სამინისტროში უკანონო მოსმენები დასრულებულია. ჩვენ კუდ-ის ორი თანამშრომელი პასუხისმგებაშიც მივეცით. სამინისტროში მასობრივად ხდებოდა ტელეფონების და კომპიუტერების დავირუსება, ამის მსხვერპლი თავადაც აღმოვჩნდი. კუდ-ში სპეციალური ვირუსები იქმნებოდა და სხვადასხვა კომპიუტერში იგზავნებოდა. კუდ-ს უკანონო მოსმენებისთვის ცალკე დეპარტამენტიც კი ჰქონდა, რომელიც ჩვენ გავაუქმეთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მასთან, მინისტრის განმარტებით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება პროკურატურაში უკვე მიმდინარეობს.

"ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, ამ არქივის განადგურება არ შეიძლება. გამოძიების დასრულების შემდეგ კი არქივი კანონის სრული დაცვით განადგურდება", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

გარდა ამისა, მინისტრის თქმით, აუცილებლად უნდა შეიქმნას ბერკეტები, რომ ანალიგიური რამ აღარ განმეორდეს. მინისტრმა ამ კუთხით არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.