დავით უსუფაშვილი მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების საჭიროებას ვერ ხედავს

დავით უსუფაშვილი მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების საჭიროებას ვერ ხედავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების საჭიროებასა და აუცილებლობას ვერ ხედავს. როგორც დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა , უჭირს გაარკვიოს მთავრობაში ვინ სუსტია და ვინ ძლიერი, რადგან მისი გადასახედიდან ყველა საკმაოდ კარგად მუშაობს. 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მინისტრების დანიშვნა-გათავისუფლება პრემიერ-მინისტრის ექსკლუზიური უფლებაა და იგი ამას დამოუკიდებლად განახორციელებს. იმ შემთხვევაში კი თუ ექვსი-შვიდი მინისტრი შეიცვლება, პრემიერს პარლამენტში ახალი მთავრობის წარდგენა მოუწევს, რათა მათ საკანონმდებლო ორგანოს ნდობა მიიღონ.

"მთავრობის ფორმირებიდან დღემდე არც ერთი მინისტრი არ შეცვლილა. ჩემი გადმოსახედიდან ამის საჭიროება-აუცილებლობას ვერც ახლა ვხედავ. თუმცა ჩემი გადმოსახედი საკამარისი არ არის, რადგან პრემიერ-მინისტრია თანამდებობის პირი, რომელიც ყოველდღიურად ადევნებს თვალს მინისტრების საქმიანობას" , – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ერთ-ერთ მინისტრთან არსებობს კითხვები, რომლის გუნდში მოგვარების იმედი აღარ აქვს.