უმრავლესობაში ერთმანეთს დაერივნენ

უმრავლესობაში ერთმანეთს დაერივნენ

იმ პირთა სიის გამოქვეყნება, ვისაც ბიძინა ივანიშვილი ეხმარებოდა, საზოგადოებაში - განხილვის თემად, ხელისუფლებაში კი, როგoრც ჩანს, დაპირისპირების საბაბად იქცა. ყოველ შემთხვევაში, საპარლამენტო კულუარებში უკვე იმაზე საუბრობენ, რომ უმრავლესობა ერთმანეთს ეჭვის თვალით უყურებს.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ამის გამო უმრავლესობის ლიდერები, კერძოდ, აკაკი მინაშვილი, პარლმენტში, სხდომათა დარბაზის გვერდით მდებარე დეპუტატთა ოთახში ფრიდონ თოდუას საკმაოდ ხმამაღლა და მკაცრი ტონით საყვედურობდა იმის გამო, რომ ამ უკანასკნელს ანგარიშები „ქართუ ბანკში“ ჯერაც არ დაუხურავს და მისგან კატეგორიულად მოითხოვდა ანგარიშების დახურვას. ფრიდონ თიდუა კი მინაშვილს მდუმარედ, თავჩაქინდრული უსმენდა. ისე კი, თოდუას საქმე რომ მინაშვილის გასარჩევი გახდა, თოდუას ხმა მართლაც არ აქვს ამოსაღები.

ყოველ შემთხვევაში, ძნელი სათქმელია, თოდუამ შენიშვნა და საყვედურები მხოლოდ იმის გამო დაიმსახურა, რომ  „ქართუში“ აქვს ანგარიში გახსნილი თუ იმის გამო, რომ ივანიშვილისგან დაფინანსებასაც იღებს. ცხადია, თავად დეპუტატები ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ. 

მაგრამ, ნიშანდობლივი ის არის, რომ ამ სიის გამოქვეყნების შემდეგ კულტურის სამინისტროში ამ ადამიანებს ჯგუფებად იბარებდნენ და აფრთხილებდნენ, ამ დაფინანსებაზე უარი თქვით, თორემ რაც მოგივათ, თქვენ თავს დააბრალეთო. ამასთან, თითოეულს პირდებდნენ, რომ იმ თანხაზე, რასაც იღებდნენ, ასი ლარით მეტს მიიღებდნენ, ცხადია, სათანადო სიჩუმისა და ხელისუფლების მხარდაჭერის სანაცვლოდ.

სხვათა შორის, ასე გააფრთხილეს არა მარტო კულტურის სფეროს წარმომადგენლები, არამედ სპორტსმენებიც. ამ კატეგორიისთვის ისიც უთქვამთ, რომ, თუკი მათ რჩევას არ გაითვალისწინებენ, ვერც ერთ შეჯიბრში ვერ მიიღებენ მონაწილეობას და კარიერასაც უმალ დაასრულებენ.

როგორც ჩანს, მათზე ხელისუფლების გაფრთხილებამ კარგად იმოქმედა, რადგან ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს, მაგრამ  საქართველო პატარაა და ასეთი რამეები გაუგებარი არ რჩება.

გარდა ამისა, presage.tv-სთვის კიდევ ერთი დეტალი გახდა ცნობილი, კერძოდ,  პარლამენტში უმრავლესობა ერთმანეთს მხოლოდ ივანიშვილის გამო არ დაპირისპირებია. იმ დროს, როდესაც ფრიდონ თოდუას „ქართუ ბანკში“ გახსნილი ანგარიშების არდახურვის გამო საყვედურობდნენ, ერთმანეთს სიტყვიერად აკაკი მინაშვილი და დავით დარჩიაშვილი დაუპირისპირდა. დარჩიაშვილმა მინაშვილს იმის გამო უსაყვედურა, რომ მინაშვილმა ერთ–ერთ ელჩთან შეხვედრისას, ხელისუფლების პოზიცია კარგად ვერ დაიცვა. დარჩიაშვილის საყვედრის საპასუხოდ, მინაშვილმა, თოდუასგან განსხვავებით თავის დაცვაც შეძლო და დარჩიაშვილს იქეთ შეჰყვირა, შენ თავს მიხედეო“. მართალია, მათი დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში არ გადასულა, მაგრამ ასეთი დაპირისპირებაც იმის მანიშნებელია, რომ მმართველ ელიტას, ივანიშვილის „დამსახურებით“ ნერვები წესრიგში არ აქვს. 

ჩვენთვის უცნობია მინაშვილმა ხელისუფლების პოზიციის დაცვა რომელ ელჩთან და რა საკითხზე ვერ მოახერხა, მაგრამ, კულუარებში ვარაუდობენ, რომ ეს სწორედ ივანიშვილთან და სააარჩევნო თემატიკასთან  დაკავშირებულ ამბებს უნდა უკავშირდებოდეს, რადგან ბოლო პერიოდში მთავარი ინტერესის საგანი სწორედ ეს საკითხებია.