ზაქარია ქუცნაშვილი:    ნაფიც მსაჯულებზე ვეტოს დაძლევა ამ ეტაპზე პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი არ არის

ზაქარია ქუცნაშვილი: ნაფიც მსაჯულებზე ვეტოს დაძლევა ამ ეტაპზე პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი არ არის

უმრავლესობაში ადასტურებენ, რომ "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევის საკითხი შესაძლოა დღის წესრიგიდან მოიხსნას. რასაც ამ ეტაპზე კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ერთმნიშვნელოვნად აცხადებენ, არის ის, რომ "საერთო სასმართლოების შესახებ" პაკეტზე ვეტოს აუცილებლად დაძლევენ. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" დეპუტატმა ირინა იმერლიშვილმა განუცხადა, "საერთო სასამართლოების შესახებ" პაკეტზე ვეტოს დაძლევა აუცილებლად მოხდება, რადგან გაუგებარია შენიშვნები, რაც სასამართლოებთან დაკავშირებით პრეზიდენტს გააჩნია. რაც შეეხება "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატან ცვლილებებს, რაც, თავის მხრივ, ნაფიც მსაჯულებს ეხება, იმერლიშვილის თქმით, საკითხი ჯერ უმრავლესობის სხდომაზე მსჯელობის საგანი გახდება და ვეტოს დაძლევა-არდაძლევის საკითხზე პირველ რიგში უმრავლესობა პოზიციების შეჯერებას შეეცდება.

მისივე განმარტებით, თუკი გადაწყდება, რომ აღნიშნულ საკითხზე უმრავლესობამ ვეტო არ დაძლიოს, ასეთ შემთხვევაში შეიძლება პარლამენტმა კენჭისყრის გზით ან პრეზიდენტის შენიშვნები გაითვალისწინოს, ან არც პრეზიდენტის შენიშვნებს დაუჭიროს მხარი და არც პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს, რის შემდეგაც ძალაში მოქმედი საკანონმდებლო ნორმა დარჩება.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი აღნიშნულ საკითხზე საუბრისას ყურადღებას პირველ რიგში "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტზე ამახვილებს და აცხადებს, რომ "მართლმსაჯულების პროცესის გაჯანსაღებისთვის "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების ამოქმედება ჰაერივით მნიშვნელოვანი და აუცილებელია". შესაბამისად, ქუცნაშვილი ადასტურებს, რომ პაკეტზე პრეზიდენტის ვეტოს პარლამენტი დასძლევს.

ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებულ პროექტზე კი, უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ მასზე ვეტოს დაძლევა ამ ეტაპზე პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი არ არის.
"ზოგადად, გრძელვადიანი თვალსაზრისით, აღნიშნული საკითხი მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. იურისტთა წრეებშიც არსებობს ერთმანეთისგან განსხვავებული მოსაზრებები, თუ რამდენად კარგია ნაფიც მსაჯულთა სისტემა. შესაბამისად წარმოდგენილი საკითხიც სამომავლოდ განხილვის საგანი გახდება", – განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ქუცნაშვილმა.