გიორგი მარგველაშვილი და სოზარ სუბარი პრემიერის განცხადებას სამთავრობო ცვლილებებზე საკუთარ თავზე არ იღებენ

გიორგი მარგველაშვილი და სოზარ სუბარი პრემიერის განცხადებას სამთავრობო ცვლილებებზე საკუთარ თავზე არ იღებენ

განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი და სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი პრემიერ-მინისტრის განცხადებას სამთავრობო ცვლილებების შესახებ საკუთარ თავზე არ იღებენ. 
ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ეს არ მეხება მე და იგივე იმედი აქვს სოზარ სუბარს, დანარჩენს ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა სამთავრობო გუნდში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ კომენტარი დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა. პრემიერ-მინისტრი ისევ არ აკონკრეტებს იმ მინისტრის ვინაობას, ვისთანაც გარკვეული შეკითხვები აქვს.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, უკვე აღარ აქვს იმედი, რომ ამ მინისტრთან ურთიერთობების დალაგება შიგნითვე მოხერხდება.

"თავის დროზე ყველაფერს გაიგებთ, ჩემი პოზიციით გაჩვენებთ გულწრფელობას და კითხვები, რომლებიც გვაქვს, გარეთ გამომაქვს. თუ ეს კითხვები, ღმერთმა ქნას, პოზიტიურად გადაწყდა, იმასაც მოგიყვებით, რას ეხებოდა ეს კითხვები და ვისთან იყო; ხოლო თუ უარესად გადაწყდა, ამასაც თავის დროზე გაიგებთ. მე დიდი იმედი აღარ მაქვს, რომ შიგნითვე მოვახერხებთ ყველაფერის დალაგებას", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.