საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზა რთული და ეკლიანი აღმოჩნდა, მაგრამ სირთულეებმა არ უნდა დაგვაბრკოლოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ, ჰიუ დეილისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, უსუფაშვილმა "როუზ-როსის" სემინარის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სემინარების ეს ციკლი ერთ-ერთი ინსტრუმენტია იმისა, რომ ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთობა გაღრმავდეს.
"მოხარულები ვართ, რომ წილად გვხვდა ამდენი საპატიო სტუმრის მასპინძლობა. ეს სემინარი იქნება მორიგი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ - საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს გზა არც ერთი ქვეყნისთვის არ ყოფილა მოკლე და განსაკუთრებით რთული და ეკლიანი აღმოჩნდა საქართველოსთვის, მარამ ამ სირთულეებმა არ უნდა დაგვაბრკოლოს და ის გადაწყვეტილება, რომლიც ბუქარესტის სამიტზე იქნა მიღებული, უნდა შესრულდეს. მე დღეს ვიხუმრე კიდეც: პრეზიდენტმა შევარდნაძემ დააკაკუნა ნატო-ს კარზე, 5 წლის შემდეგ პრეზიდენტ სააკაშვილს უთხრეს, რომ კარი ღიაა და ახლა მე და პრემიერ-მინისტრმა ვიკითხეთ, შეიძლება თუ არა უკანა კარში შემოსვლა. პასუხი მივიღეთ რომ შეიძლება შესვლა, მაგრამ სიჩქარე არ იქნება სწორი და მუდმივად წინ უნდა ვიაროთ. ეს სემინარიც ამის ნათელი მაგალითია", - განაცხადა უსუფაშვილმა.
ამასთან, მან ჰიუ დეილისთან პირისპირ შეხვედრის დეტალებზეც ისაუბრა და როგორც განაცხადა, მიიღო პირობა, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ყოველთვის მზად იქნება გამოეხმაუროს საქართველოს საჭიროებებს და იყოს მის გვერდით, როგორც ინსტიტუტი.