ბიძინა ივანიშვილი:    ოპოზიციასთან მაქსიმალური თანამშრომლობის დამყარება გვსურს

ბიძინა ივანიშვილი: ოპოზიციასთან მაქსიმალური თანამშრომლობის დამყარება გვსურს

პრემიერ მინისტრს დღევანდელ ოპოზიციასთან მაქსიმალური თანამშრომლობის დამყარება სურს. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სემინარზე გამოსვლისას , მას შემდეგ განაცხადა, რაც პოლონეთის დელეგაციის წევრმა კითხვა დაუსვა ოპოზიციის წარმომადგენლების დაკითხვებზე დაბარებასთან დაკავშირებით. 

კითხვას, გაგრძელდება თუ არა დაპატიმრებების პროცესი, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა, რომ საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკურად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. ეს არ არის სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის და ჩემი დიდი სურვილია დღევანდელ ოპოზიციასთან მაქსიმალური თანამშრომლობა დამყარდეს, რათა ყველა მათგანმა მონაწილეობა მიიღოს ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში. ჩვენი პოლიტიკური სურვილი არ არის მუდმივად ვარკვიოთ მასთან ურთიერთობა, მაგრამ ეს არის სახელმწიფო, ჩვენ გვყავს საზოგადოება და სამართლიანობის პროცესი ასევე საინტერესოა ქვეყნისთვის. წინა ხელისუფლება ძალადობით იყო დაკავებული. საზოგადოებას არ უნდა დარჩეს განცდა, რომ ძალადობის ავტორები და არქიტექტორები დაუსჯელები დარჩებიან", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები პროცესში თავად არ ერევია. "არსებობს შესაბამისი ორგანოები, მათ შორის პროკურატურა, სადაც შესულია უამრავი განცხადება. ჩვენ ვცდილობთ სასმართლო იყოს ობიექტური და ვაკეთებთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს", – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველოს ახალმა მთავრობამ მოიწვია თომას ჰამერბერგი პროცესის გამჭვირვალობაში დასარწმუნებლად, ყველა ექსპერტს შეუძლია საქართველოში ჩამოსვლა.