პრეზიდენტის რწმუნებულების უმეტესობა უარს ამბობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობაზე, - ამის შესახებ განცხადება მინისტრის მოადგილემ , შოთა მურღულიამ დღეს ჟურნალისტებთან გააკეთა.
მურღულიას ინფორმაციით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ახალი ხელისუფლების მოსვლის დღიდან, პრეზიდენტის რწმუნებულების უმეტესობა, პრაქტიკულად, უარს ამბობს სამინისტროსთან თანამშრომლობაზე.
"საბოტაჟის თვალსაჩინო მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების რეესტრი. აღნიშნული ფონდიდან პროექტების დასაფინანსებლად მუნიციპალიტეტებთან ერთად, პროექტების წარდგენის შესაძლებლობა პრეზიდენტის რწმუნებულებსაც ჰქონდათ. ამის მიუხედავად, მითითებულ ვადაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში რწმუნებულების მიერ მხოლოდ სამი პროექტი შემოვიდა - შიდა ქართლის, იმერეთისა და გურიის გუბერნატორებისგან. მიუხედავად იმისა, რომ გუბერანტორებს ჰქონდათ შესაძლებლობა და ვალდებულებაც, რომ საკუთარ რეგიონში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ეზრუნათ, მათ ამ შესაძლებლობაზე, ანუ მოსახლეობის პრობლემების მოგვარების რეალურ შანსზე, პრაქტიკულად, უარი თქვეს",-განაცხდა მურღულიამ.
მისივე თქმით, გუბერნატორებს სამინისტროსთვის არც მარტის თვეში საქათველოში მომხდარი სტიქიის დროს მიუმართავთ, მიუხედავად იმისა რომ ქარიშხალმა 10-ზე მეტი თვითმმართველობა დააზარალა.
"ბოლო ექვსი თვის განმავლობაში - 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე - სამინისტროს გუბერნატორებმა საკუთარ რეგიონებში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ ათჯერ მიმართეს. გუბერნატორებმა არ იზრუნეს, რომ ეს და სხვა პრობლემები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მეშვეობით მოგვარებულიყო იმ წესის მიხედვით, რომელიც დადგენილ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ. ამის პარალელურად, საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულების მხრიდან ხშირად ისმის ბრალდებები, თითქოს რეგიონული განვითარების სამინისტრომ რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჩერა. კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ სამინისტროს 2013 წელს დაგეგმილი არც ერთი პროექტი არ შეუჩერებია. მოვუწოდებთ გუბერნატორებს, უარი თქვან ვიწროპარტიულ ინტერესებზე, გამოვიდნენ სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებიდან და, ცრუ და ცილისმწამებლური ბრალდებების ნაცვლად, აკეთონ საქმე, რომელიც რეგიონებში მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას წაადგება",-აცხადებს მინისტრის მოადგილე.