"ივანიშვილმა უნდა ახსნას, რაზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ რუსეთი საფრთხე აღარ არის"

უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა უნდა ახსნას, რაზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ რუსეთი საფრთხე აღარ არის.

ასე გამოეხმაურა ბოკერია პრემიერ-მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას.

"პრემიერ-მინისტრმა ახსენა რაღაც ცვლილებები ჩვენს სტრატეგიულ დოკუმენტში რუსეთის საფრთხეებთან დაკავშირებით. ჯერ ერთი მინდა, მას ვუთხრა, რომ არაზუსტი ინფორმაცია აქვს, არც ერთი სტრატეგიულ დოკუმენტში ასეთი ცვლილება არ მომხდარა. ასეთი დოკუმენტები არ იქმნება ერთი უწყების მიერ. ასეთი დოკუმენტები არის შექმნილი უწყებებს შორის კოორდინაციის შედეგად. ჯერჯერობით ახალი მთავრობის პირობებში ამ თვალსაზრისით ცვლილებების შესახებ ჩვენთვის ცნობილი არ არის. თუ პრემიერი თვლის, რომ რუსული ჯარის მიერ ქართული ტერიტორიების ოკუპაცია აღარ წარმოადგენს საფრთხეს, ჩემთვის აბსულუტურად გაუგებარია რას ეყრდნობა ეს. უნდა აგვიხსნას მაშინ რაზე დაყრდნობით მიიჩნევს ის, რომ ეს საფრთხე აღარ არის", - განაცხადა ბოკერიამ.