კობა დავითაშვილი დავით სერგეენკოს პასუხებით კმაყოფილი დარჩა

კობა დავითაშვილი დავით სერგეენკოს პასუხებით კმაყოფილი დარჩა

"მე დავსვი შეკითხვები და მივიღე პასუხები, რომელმაც დამაკმაყოფილა", - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა კობა დავითაშვილმა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მისივე განმარტებით, ჯანდაცვის მინისტრისგან მიღებული პასუხებით მას უკვე სჯერა, რომ ჯადაცვის რეფორმა განხორციელდება ისე, როგორც "ქართული ოცნება" დაპირდა საზოგადოებას.

"მე დავსვი შეკითხვები და ამ შეკითხვებზე დღეს მივიღე პასუხები, რომელმაც დამაკმაყოფილა. პასუხების დეტალების გამხელისგან სახელმწიფო აუცილებლობიდან გამომდინარე თავს შევიკავებ, მაგრამ მიღებული პასუხები ისეთი იყო, რომ მე მჯერა ჯადაცვის რეფორმა განხორციელდება ისე, როგორც ჩვენ დავპირდით საზოგადოებას. ჩემი მიზანიც სწორედ ეს იყო, აქედან გამომდინარე, ეს თემა ამოწურულია", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.

კითხვაზე მოუხადა თუ არა დავითაშვილმა სერგეენკოს ბოდიში, დეპუტატმა ასე უპასუხა: "თუ კიდევ ითხოვს ბოდიშის მოხდას სერგეენკო, თავად ჰკითხეთ".

კობა დავითაშვილსა და დავით სერგეენკოს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც დეპუტატმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ჯანდაცვის მინისტრი კერძო სადაზღვევო კომპანიებს ლობირებს და ჯანდაცვის სისტემაში რეფორმა არ მიმდინარეობს.

მაშინ სერგეენკომ დეპუტატისგან ან დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა მოითხოვა, ან ბოდიშის მოხდა. კობა დავითაშვილი მინისტრისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებდა.