დავით სერგეენკო:    დაძაბული სიტუაციის განმუხტვა ბოდიშის მოხდამდე არ მისულა

დავით სერგეენკო: დაძაბული სიტუაციის განმუხტვა ბოდიშის მოხდამდე არ მისულა

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, მასსა და დეპუტატ კობა დავითაშვილს შორის შექმნილი დაძაბული სიტუაციის განმუხტვა "ბოდიშის მოხდამდე არ მისულა". 

ამის შესახებ დავით სერგეენკომ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ამ შეხვედრას კობა დავითაშვილი და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ესწრებოდნენ.

მინისტრი მიიჩნევს, რომ "დრამატიზებული სიტუაცია კომუნიკაციის პრობლემამ წარმოშვა".

"ეს შეხვედრა არ გამართულა მხოლოდ ბატონ კობასთან დაკავშირებული საკითხის გამო, დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ რვა საკითხი, რომელთა შორისაც იყო ეს თემა. ჩვენ ჩამოვყალიბდით, ცივილურად შევთანხმდით, რომ აქ იყო ალბათ კომუნიკაციის პრობლემა და საკითხი იქამდე არ მისულა, რომ დრამატიზებული სიტუაცია მაინცდამაინც ბოდიშის მოხდით განმუხტულიყო", – განაცხადა დავით სერგეენკომ.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შეიძლება სადაზღვევო კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებები გადაიხედოს, ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, აღნიშნულ კომპანიებთან გახანგრძლივებულ კონტრაქტებში მსგავსი შესაძლებლობა ჩადებულია, თუმცა ხელშეკრულების გადახედვის საჭიროებას ვერ ხედავს.

"სადაზღვეო კომპანიებთან გახანგრძლივებულ კონტრაქტებში თავისთავად ჩადებულია და წერია გადახედვის წესები, კერძოდ, სამი თვით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, თუმცა ეს კონტრაქტები არ გადაიხედება, რადგან სწორი კონტრაქტებია", –აღნიშნა დავით სერგეენკომ.

კობა დავითაშვილსა და დავით სერგეენკოს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც დეპუტატმა ჯანდაცვის მინისტრი კორუფციაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სერგეენკო კერძო სადაზღვევო კომპანიებს ლობირებს და ჯანდაცვის სისტემაში რეფორმა არ მიმდინარეობს.

მაშინ სერგეენკომ დეპუტატისგან დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა ან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. კობა დავითაშვილი მინისტრისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებდა.

პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ დავითაშვილს მაგრად ეჩხუბა, რადგან გუნდურობის პრინციპი არ დაიცვა. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ დავითაშვილის საკითხი პოლიტსაბჭოს სხდომაზე დადგება და დეპუტატს გაფრთხილება მიეცემა.

”მე მგონი, კობას უჭირს იყოს ხელისუფლებაში, კრიტიკა იოლი საქმეა, საქმის კეთება რთული. გახსოვთ, როცა მას შესთავაზეს თავდაცვის მინისტრობა, კობამ უარი თქვა. ჩემი გადმოსახედიდან, შეეშინდა. ახლაც ის ცდილობს გადაცურდეს ოპოზიციაში, რამეთუ იქ ყოფნა სხვა პასუხისმგებლობაა – იქ მარტო უნდა აკრიტიკო. გუნდში მეუბნებიან, რომ კობა დღეს თუ არა, ხვალ წავა და ეს იგრძნობა, მაგრამ მე არ მაქვს ამის სურვილი", - განაცხადა ივანიშვილმა.