თორნიკე შარაშენიძე რუსეთის მტრულ სახელმწიფოდ განხილვაზე უარს მოსკოვისგან შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინს უკავშირებს

თორნიკე შარაშენიძე რუსეთის მტრულ სახელმწიფოდ განხილვაზე უარს მოსკოვისგან შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინს უკავშირებს

საერთაშორისო საკითხების ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დოკუმენტში რუსეთის მტრულ სახელმწიფოდ განხილვაზე უარის თქმას მოსკოვისგან შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინს უკავშირებს.

როგორც შარაშენიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სამხედრო სტრატეგიაში არც შეიძლება ყოფილიყო ჩანაწერი იმის შესახებ, რომ რუსეთი საქართველოს მტერია. ამ ტიპის დოკუმენტში საუბარია იმაზე, თუ რას ეფუძნება საქართველოს, როგორც სახელმწიფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრინციპები.

მისივე თქმით, შესაძლოა, ამგვარი ჩანაწერი არსებობდა საფრთხეეების შეფასების დოკუმენტში, რომელიც დახურულია.

"ეს არის ჟესტი რუსეთის მიმართულებით და ნიშნავს, რომ ახლა თბილისი მოსკოვისაგან ამ თვალსაზრისით შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება", - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს დოკუმენტში რუსეთის, როგორც მტრის მიმართ ისეთი მკაცრი ჩანაწერი, როგორც უშიშროების საბჭოს მიერ შემუშავებულ უსაფრთხოების კონცეფციაში იყო, აღარ არსებობს.

მისივე განმარტებით, ახალ დოქტრინაში, ისე, როგორც საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის მიერ მიღებულ დოკუმენტში, ტონალობა შერბილებულია. ივანიშვილის თქმით, ახალ მთავრობას წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით რუსეთთან რიტორიკა შეცვლილი აქვს და სწორედ ახალი რიტორიკით მოხერხდა რუსეთის ბაზრის გახსნა.