მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა

მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა

ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ზოგადად რეგიონში არსებული ვითარება შეაფასეს და მიმდინარე მოვლენები განიხილეს. 

შეხვედრისას, საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ყურადღება გაამახვილეს აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.

"მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას ჯოზეფ ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.

როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ამ თვალსაზრისით, პროგრესი დამოკიდებულია დამოკრატიული ინსტიტუტების შენარჩუნებასა და დაწყებული რეფორმების გაგრძელებაზე. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განსაკუთრებით აღნიშნა ის წარმატებები, რომლებსაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში დემოკრატიის განვითარების, ეკონომიკური სტაბილურობისა და სახელმწიფოს აღმშენებლობის მხრივ მიაღწია. ჯოზეფ ბაიდენმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს როგორც ქართული დემოკრატიის განვითარების საქმეში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის, ისე იმ აქტიური თანამშრომლობისათვის, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ საერთაშორისო ბრძოლის მიმართულებით ორ ქვეყანას შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ვიცე-პრეზიდენტს იმ ძლიერი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უწევდა, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხში", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში ვიზიტი 25 აპრილს დაიწყო.