სოსო ცისკარიშვილი:   მთავრობის ეკონომიკური გუნდის ცვლილების საფუძველი არ არსებობს

სოსო ცისკარიშვილი: მთავრობის ეკონომიკური გუნდის ცვლილების საფუძველი არ არსებობს

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობაში ეკონომიკური გუნდის ცვლილების საფუძველი არ არსებობს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" სოსო ცისკარიშვილმა განუცხადა, ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები ჯერჯერობით საკმაოდ დამაჯერებლები არიან.

"ეკონომიკა არ გახლავთ ერთი კაცის სამართავი, მას სჭირდება კოლექტიური შრომა. ჯერჯერობით ყველა მინისტრი, რომელიც ეკონომიკურ სფეროში საქმიანობს, ცდილობს, იყოს ღია და გააჩნდეს საზოგადოების წარმომადგენლებთან აქტიური თანამშრომლობის საშუალება", - აცხადებს ექსპერტი.

სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ თუ დღეს მოსახლეობას რაიმე პრობლემები აქვს სამუშაო ადგილებთან ან შემოსავალთან დაკავშირებით, რომელიმე ცალკე აღებული მინისტრის დადანაშაულება სწორი არ არის, რადგან ამ პრობლემის მოგვარება მთლიანად სახელმწიფოს ვალდებულებაა.

რაც შეეხება რომელიმე მინისტრის შესაძლო მოხსნის თემას, ცისკარიშვილი აცხადებს, მას არც ერთი მინისტრის დანიშვნაში მონაწილეობა არ მიუღია და შესაბამისად ვერც ერთის გათავისუფლებაზე ვერ ისაუბრებს.

"მინისტრები ვინც დანიშნა, ის საკუთარი შეხედულებისამებრ გაათავისუფლებს ან დააწინაურებს, ეს იქნება ბუნებრივი პროცესი, რომელიც დამახასიათებელია ხელისუფლების ჩამოყალიბების პროცესისთვის", - აცხადებს ექსპერტი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გუშინ ერთ-ერთი მინისტრის თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი.

"კარგი მინისტრები გვყავს, მხოლოდ ერთის მიმართ არსებობს ეჭვი და ამისთვის საზოგადოებას ვამზადებ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა "პოზიციაში" სტუმრობისას განაცხადა.

პრემიერი არ ასახელებს, იმ მინისტრის ვინაობას, რომელიც შესაძლოა წავიდეს. "მე თვითონ ძალიან განვიცდი. იქნებ შიგნით ჩავწყნარდეთ, მაგრამ ცოტაღა დარჩა ალბათობა, რომ შიგნით ჩავწყნარდეთ და ამიტომ ვამზადებ საზოგადოებას", - განაცხადა ივანიშვილმა.

ამასთან, ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ არ გამორიცხა, რომ მთავრობიდან შესაძლოა, ეკონომიკური გუნდის რომელიმე მინისტრი დაითხოვონ.