ლევან ვეფხვაძე ეჭვობს, რომ

ლევან ვეფხვაძე ეჭვობს, რომ "პარლამენტში წარმოდგენილი ძალები "ნაცმოძრაობასთან" რაღაცაზე გარიგდნენ"

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე უმრავლეობის ლიდერებს ინტერფრაქციული ჯგუფის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებისა და დებულების დარღვევაში ადანაშაულებს. ვეფხვაძე ეჭვობს, რომ "პარლამენტში წარმოდგენილი ძალები "ნაცმოძრაობასთან" რაღაცაზე გარიგდნენ". 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ვეფხვაძემ აცნობა, ორი დღის წინ საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომა გაიმართა; იმის მიუხედავად, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, არსებობს ვალდებულება, ჯგუფის შეკრების თაობაზე ინფორმაცია ყველა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს ეცნობოს და მათ ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ, კვალიფიციური სუბიექტებს ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

"შევარდნაძით დაწყებული, სააკაშვილით დამთავრებული, იმის განცდას მაინც ქმნიდნენ, რომ პროცესში ყველა პარტია მონაწილეობდა. ახლა, როგორც სჩანს, პარლამენტში წარმოდგენილი ძალები ერთ-ერთზე რაღაც გადაწყვეტილებას იღებენ. რატომ არ დაგვიძახეს, რატომ "მოგვტეხეს", რამე ისეთზე ხომ არ შეთანხმდენენ, რაზეც იდეაში ჩვენთან საუბარი არ შეიძლებოდა, არ ვიცი. ბუნებრივია, არსებობს კითხვის ნიშნები. თუ ყველაფერი კარგად და გადასარევად არის, ამაზე დიდი მადლობა - საერთოდ არ მივალ, ოღონდ რაღაც კონკრეტული პოზიტიური შედეგი დაიდოს, მაგრამ ზოგადად, რომ არავის არ ეძახიან და ისე იკრიბებიან "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, რაღაცაზე მსჯელობენ, ეს თავისთავად კომუნიკაციის ძალიან ცუდი ფორმა, საზოგადოებისა და სხვა პარტიებისთვის ძალიან ცუდი გზავნილია" - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ლევან ვეფხვაძემ.

რაც შეეხება ბიომეტრული პარამეტრებით ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებას, რაც ინტერფრაქციულ ჯგუფში განხილვის საგანია და, სავარაუდოდ, ახლო მომავალში პარლამენტში კანონპროექტის სახითაც იქნება ინიცირებული, ვეფხვაძე მმართველ გუნდს ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში ინიცირებულ პროექტს ახსენებს და მათ ინიციატივის სრულყოფილად გახორციელებას ურჩევს.

"ინტერფრაქციული ჯგუფის ბოლოს წინა სხდომაზე აი-ფი-ეს-მა ექსპერტი ჩამოიყვანა, რომელმაც ბიომეტრიასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა. ეს ეხებოდა სხვადასხვა მოდელებს, ელექტრონულ კენჭისყრას და ასე შემდეგ, თუმცა ჩვენი გაკვირვება იმან გამოიწვია, რომ ამ თემაზე არჩევნებამდე "რვიანის" ფორმატის პარტიებთან ბევრი გვაქვს ნამუშევარი. შედგენილია კონკრეტული პროექტი და არსებობს კანონპროექტი, რომელიც პირადად მე, ლევან ვეფხვაძემ პარლამენტში "რვიანის" სახელით შევიტანე. ინტერფრაქციული ჯგუფის ამ სხდომაზე აღნიშნული კანონპროექტის ამოღება მოვითხოვე. ჩვენ ვაყენებთ საკითხს არამხოლოდ იმის შესახებ, რომ საარჩევნო სია იყოს ბიომეტრიული წესით შემდგარი, არამედ ვამბობთ იმასაც, რომ არჩევნების დღეს მოხდეს ვერიფიკაცია. ჩვენი მთავარი პრობლემაა არამხოლოდ სიის შედგენა, პრობლემაა ისიც, რომ როცა ადამიანი საარჩევნო უბანზე მიდის, მოხდეს ვერიფიკაცია და იმის იდენტიფიცირება, რომ ის ნამდვილად სიაშია. მთავარია, რომ მოდელი სრულყოფილად გახორციელდეს" - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

ამომრჩეველთა ბიომეტრული წესით აღრიცხვა კვლავ პოლიტიკურ დღის წესრიგში დგება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში შეთანხმება მიღწეულია და ერთ-ერთი პირველი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კანონში ინტერფრაქციული ჯგუფის ეგიდით გახორციელდება, სწორედ ამომრჩეველთა სიის ახლებური რეგისტრაცია იქნება.

"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ჯგუფის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ვახტანგ ხმალძემ დაადასტურა, რომ ამომრჩეველთა ბიომეტრული აღრიცხვის წესის შემოღებასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია, თუმცა მისივე თქმით, დასაზუსტებელი რიგი ტექნიკური საკითხები, რომელთა დაზუსტების შემდეგ, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის ინიცირება მოხდება.