პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია "ნაციონალების" აქციაზე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის გაშუქებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია 19 აპრილს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართულ აქციაზე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის გაშუქებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს .

"ქვეყნის პრეზიდენტის მიმართვებისა და განცხადებების გაშუქებას უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. შესაბამისად, არც 19 აპრილის აქციაზე იყო ქვეყნის პირველი პირის სიტყვით გამოსვლა გამონაკლისი.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის კუთვნილებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, აღვნიშნავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია სახელმწიფოს კუთვნილებაა და იმყოფება სსიპ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აღნიშნული განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ელისო ჩაფიძის ბრალდებას პასუხობს, რომლის თქმითაც, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან 19 აპრილის აქციაზე ადგილი ჰქონდა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების უკანონო ხარჯვას და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას.

"აღნიშნული აქციის დროს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მოხდა გამოყენება მის საკუთრებაში არსებული "პე-ტე-ეს"-ის გადამცემის, ასევე "რუსთავი 2"-ის გამოყენება მოხდა ამ მაუწყებლობისთვის, რაც არის სახელმწიფო სახსრების უკანონო ხარჯვა", - აღნიშნა ელისო ჩაფიძემ.

ამასთან, "ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 19 აპრილს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელშეკრულება გააფორმა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-თან, ე.წ. "Fly Way"-ის საშუალებით სატელიტზე სიგნალის გავრცელების უზრუნველსაყოფად.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საკუთარ ვებ-გვერდზე დოკუმენტსაც აქვეყნებს, რომელშიც ხელშეკრულების პირობები და მხარეთა უფლება-მოვალეობებია გაწერილი. ხელშეკრულებას ხელს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ივანე მერაბიშვილი აწერენ.